"ღია ცეცხლია... დილით ველოდებით ოთხ ეკიპაჟს ვერტმფრენებს" - რას აცხადებს ბორჯომის მერი, ოთარ არბოლიშვილი ბორჯომის ტყეში გაჩენილ ხანძარზე?
"ღია ცეცხლია... დილით ველოდებით ოთხ ეკიპაჟს ვერტმფრენებს", - ამის შესახებ ბორჯომის მერი, ოთარ არბოლიშვილი საუბრობს და ბორჯომის ტყეში გაჩენილ ხანძარს ეხმაურება. მის კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს:
„ხანძრის კერა დაახლოებით შუადღისთვის იქნა აღმოჩენილი. ადგილზე გასულია რეინჯერთა ჯგუფი, რადგან ეს ტერიტორია ნეძვის აღკვეთილში შემავალი არეალია. მობილიზებულია რეგიონის სახანძრო-სამაშველო სამსახური, ადგილობრივი თვითმმართველობა. ადგილზე გვყავს ორი მძიმე ტექნიკა – მაღალი გამავლობის ბულდოზერები. დილით ველოდებით ოთხ ეკიპაჟს ვერტმფრენებს. ამ ეტაპზე, პირველ რიგში, გზის სამუშაოები მიმდინარეობს, რომ მისასვლელი გზები იყოს მოწესრიგებული და გახდეს გამავალი. სავარაუდოდ, ერთ ჰექტარზეა ხანძარი გავრცელებული. ღია ცეცხლია, რაც არ არის კარგი, მაგრამ დილით უკვე გვეცოდინება რეალური სურათი. ცეცხლის კერები არ არის დასახლებულ პუნქტთან ახლოს და მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. მიზეზებზე საუბარი ჯერ ადრეა, სავარაუდოდ, მეხის დაცემისგან გაჩნდა, რადგან ადამიანებისთვის მიუვალი ადგილია და იქ ადამიანი არ ხვდება“, – განაცხადა ოთარ არბოლიშვილმა.