"ორი მანქანა დაეჯახა ერთმანეთს, გადმოცვივდნენ 20-22 წლის ბიჭები და დაიძრნენ ერთმანეთისკენ - გვერდს უვლიან დამტვრეულ მანქანებს და ერთმანეთს ეხვევიან ბეწვზე გადარჩენილები" - აბაშიძის ქუჩაზე მომხდარი ამაღელვებელი ამბავი, რომელსაც მოქალაქე იხსენებს
მოქალაქე ნანა აკობაძე სოციალურ ქსელში თბილისში, აბაშიძეზე მომხდარ ავტოავარიის ამბავს იხსენებს და წერს:
“ავარია მოხდა აბაშიძეზე. ორი მანქანა დაეჯახა ერთმანეთს. საბედნიეროდ, არ დაშავებულან, გადმოცვივდნენ ბიჭები ორივე მანქანიდან და დაიძრნენ ერთმანეთისკენ. - როგორც წესი, მანქანების თვალიერება და არცთუ იშვიათად „ჩემი დედა, შენი დედა“ იწყება ხოლმე ასეთ დროს. მაგრამ გვერდს უვლიან დამტვრეულ მანქანებს და ერთმანეთს ეხვევიან. ბიჭები - 20-22 წლისანი. ბეწვზე გადარჩენილები. თავიდან დაბადებულები. მერე მანქანებს ათვალიერებენ - თავიდან იაზრებენ, რას გადარჩნენ და ისევ ეხუტებიან, კოცნიან ერთმანეთს.ვუყურებთ აივნებიდან და ყველანი ვმონაწილეობთ ამ დღესასწაულში - მხოლოდ საკუთარი თავის კი არა, ერთმანეთის გადარჩენის დღესასწაულში და ზუსტად ვიცი, ყველა იმას ფიქრობს, რასაც მე;რა კარგია, რა მარტივია ადამიანად ყოფნა!”