"კვლევამ აჩვენა, რომ ყველაზე მთავარი, საკვანძო სიტყვა ამ დოკუმენტისა, "უცხო“ და "უცხოური“ კი არ არის, არამედ არის ინტერესები" - ენათმეცნიერი მარინე ბერიძე
ენათმეცნიერის, მარინე ბერიძის განცხადებით, სიტყვებს - „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი“, ქართულ ენაში მხოლოდ და მხოლოდ ნეგატიური კონოტაცია აქვს.
მისი თქმით, „დადებითი ან ნეიტრალური კონოტაციით ამ სიტყვების გამოყენება მხოლოდ დამატებითი მოდიფიკატორით, სპეციალურად ამ მიზნით შექმნილი კონტექსტით არის შესაძლებელი“.
აღნიშნულის შესახებ ენათმეცნიერმა საკონსტიტუციო სასამართლოში ისაუბრა, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო სარჩელებს განიხილავენ. ის სასამართლოს წარუდგენს კვლევას, რომელიც ლინგვისტებმა აღნიშნული კანონის შესახებ ჩაატარეს.
როგორც ბერიძემ აღნიშნა, კანონის საკვანძო სიტყვა „უცხო“ ან „უცხოური“ კი არა, არამედ ინტერესია. მისივე თქმით, სიტყვა „უცხო“ უარყოფით კონოტაციას შეიცავს, „უცხოური“ კი შედარებით ნეიტრალურია.
მას მოსამართლე ევა გოცირიძემ ჰკითხა, კვლევის დასკვნა შეიცავს თუ არა სხვა რამეს გარდა იმისა, რომ „სიტყვებს - უცხო, უცხოური, ძალა და ინტერესები ნეგატიური კონოტაცია აქვს“, რაზეც ბერიძემ შემდეგნაირად უპასუხა: „ჩვენი დასკვნა შეუძლებელია სხვა იყოს“.