"ეს არის მორიგი სკანდალური აღიარება... ყველა სხვა გაქსუებულ, ფლიდ და მძარცველ "ენჯეოებს" მოუწევთ დარეგისტრირება" - ბექა ოდიშარია "სირცხვილიას" გადაწყვეტილებაზე
"ეს არის მორიგი სკანდალური აღიარება ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაცია "სირცხვილიას" მხრიდან, რომელიც, მოგეხსენებათ, არის პოლიტიკურად ანგაჟირებული ორგანიზაცია და ის იყო ავანგარდში იმ ძალების, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში არყევდნენ ქვეყანას იმ მიზეზით, რომ თითქოს, ეს კანონი გახლდათ რუსული და ის იყო დამაზიანებელი ამ ორგანიზაციების საქმიანობისათვის.
სინამდვილეში, ყველაფერი თავის ადგილას დადგა - როგორც ჩანს, "სირცხვილიას" შერცხვა და წაიკითხა კანონი და მიხვდა, რომ არაფერი არ არის ისეთი, რაც მათ მომავალ საქმიანობას, თუნდაც მავნებლურს შეზღუდავდა და, შესაბამისად, მოუწია დარეგისტრირება ისევე, როგორც მოუწევს დარეგისტრირება და კანონის წაკითხვა ყველა სხვა არასამთავრობო ორგანიზაციას, ე.წ. ენჯეოებს, გაქსუებულ, ფლიდ და მძარცველ ენჯეოებს," - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბექა ოდიშარია.
მოძრაობის წევრებმა სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელეს, სადაც განმარტავენ, თუ რატომ მიიღეს აღნიშნული გადაწყვეტილება.
როგორც ისინი აღნიშნავენ, დარეგისტრირება გადაწყვიტეს იმიტომ, რომ არ გაუქმდეს ორგანიზაცია მოახლოებული არჩევნების წინ, არ დაკარგონ არსებული რესურსები, არ დაეკისროთ კანონით გათვალისწინებული ჯარიმა, რომელიც, მათივე განმარტებით, კოლოსალური ოდენობისაა და ამის გამო მოძრაობა „სირცხვილია“ არ მივიდეს გაკოტრებამდე.