"ნეტავ განახათ, რა ტრაგედია ტრიალებს... 23 წლის ბიჭი მოუსვენეს მშობლებს სახლში... ვიღაც არაკაცმა გაიმეტა ასე სასტიკად " - ქუთაისელი ახალგაზრდა, რომელსაც ოჯახი ეძებდა, გარდაცვლილი იპოვეს
ქუთაისელი ახალგაზრდა, 23 წლის თემო ხადური, რომელსაც ოჯახი რამდენიმე დღე ეძებდა, თერჯოლის მუნიციპალიტეტში, სოფელ სიმონეთთან ახლოს არსებულ ხელოვნურ ტბაში იპოვეს.
"ეს ბიჭი უსიმპათიურესი, ჭკვიანი, ეკლესიური, ზრდილობიანი და ჩვენი ოჯახის ნათლმირონი. ჯერ მხოლოდ 23 წლის იყო და ვიღაც არაკაცმა, რა სახელი დავარქვა, არც ვიცი, გაიმეტა ასე სასტიკად მოჰქცეოდა. მიატოვა... 4 დღის შემდეგ პატარა ბიჭუნამ იპოვა წყლის გუბეშიო. არ გვინდოდა დაჯერება, მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენი ბიჭი აღმოჩნდა.
როდემდე განუკითხაობა? როდემდე მკვლელობები? როდემდე ის, რომ კიდევ არ არის გამოძიებული და მკვლელები ცოცხლობენ, ცხოვრობენ, სძინავთ მის ოჯახში.
ნუთუ შვილი არ გყავს, ძირი არ გყავს, ნათესავი ან ვინმე... ჯერ რა დედამ გაგზარდათ ასეთი სადისტები. ვაიმე, ისე მოგექცეთ ცხოვრება, სიკვდილი არა, სიცოცხლის ბოლომდე ტანჯვაში ყველა რომ შემოგეცლება, აი, მერე მოხვალ აზრზე. აი, შენ, ვინც ეს ჩაიდინე.
ჩვენო მთავრობავ, შსს, გამოძიება, სად ხართ. თუ არ გვყავს? ნუთუ გულთან არ მიგაქვთ ეს ტრაგედია? უბრალო ადამიანებს იჭერთ, ვინც რაღაც მოიპარა, რომ ოჯახი ერჩინა და მკვლელები გულაობენ.
როდემდე დავკარგოთ ახალგაზრდობა. განა გვყავს დასაკარგი? თქვენი შვილები, ოჯახი ხომ დაცულია. ცივ ნიავს არ აკარებთ/ ჩვენებმა რა დააშავა.
ახლა არ გამომიხტეთ და არ დამიწყოთ მორალის კითხვა, ვისაც მოგწონთ ძველიც, ახალიც, ფოტოები გაადიდეთ და დაკიდეთ ოთახში. ისე ვარ გამწარებული, ჩემ თვალწინ გაზრდილი ბავშვი იყო... ჯერ ხომ მომავალი წინ ჰქონდა. სულ რაღაც 23 წლის მის მშობლებს მოუსვენეს სახლში. ნეტავ განახათ, რა ტრაგედია ტრიალებს, მისი თანატოლები რა დღეში არიან. თემო, უფალს ებარებოდე, კარგო ბიჭო" - წერს დაღუპულის ახლობელი შორენა ბერაძე.