loader

რატომ ეთქვა უარი არჩევნებში რეგისტრაციაზე ფრიდონ ინჯიას, შოთა შალელაშვილის და აკაკი ასათიანის პარტიებს? - ცესკო განმარტებას აკეთებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რატომ ეთქვა უარი არჩევნებში რეგისტრაციაზე ფრიდონ ინჯიას, შოთა შალელაშვილის და აკაკი ასათიანის პარტიებს? - ცესკო განმარტებას აკეთებს

ცენტრალური საარჩევნო კომისია განმარტავს, რატომ ეთქვა უარი არჩევნებში რეგისტრაციაზე დეპუტატ ფრიდონ ინჯიას პარტიას, „ევროპელ სოციალისტებს“, ასევე, შოთა შალელაშვილის პარტიას „თაობები საქართველოსთვის“ და „ტრადიციონალისტთა კავშირს“.

როგორც ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა გიორგი სანტურიანმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, პარტიების ნაწილმა ადმინისტრაციაში დასარეგისტრირებლად საჭირო 25 000 ამომრჩევლის ხელმოწერა არ წარადგინა, შოთა შალელაშვილის პარტიის მიერ წარმოდგენილი სიები კი არაზუსტი აღმოჩნდა.

„საარჩევნო კოდექსის“ მიხედვით, არსებობენ პარტიები, რომლებსაც პარლამენტში მოქმედი დეპუტატი ჰყავთ. შესაბამისად, მათ არ სჭირდებათ მხარდამჭერების ხელმოწერების წარმოდგენა. მაგრამ თუ პოლიტიკურ გაერთიანებას არ ჰყავს თავისი წარმომადგენელი პარლამენტში, რეგისტრაციის გასავლელად მას 25 000 მხარდამჭერი ამომრჩევლის ხელმოწერის წარმოდგენა სჭირდება. ეს სამივე პოლიტიკური გაერთიანება ისეთი პოლიტიკური გაერთიანებაა, რომელსაც 25 ათასი მხარდამჭერი ამომრჩევლის ხელმოწერის წარმოდგენა ესაჭიროება. მათ შორის, „ევროპელ სოციალისტებსაც“, რადგან დღეს მოქმედი დეპუტატი ფრიდონ ინჯია არ იყო ამ პარტიის წარდგენით არჩეული. მათაც და „ტრადიციონალისტებსაც“ 1-ელ აგვისტომდე ჰქონდათ სიების წარდგენის ვადა, თუმცა არ წარმოადგინეს. რაც შეეხება „თაობები საქართველოსთვის“, აქაც საკითხი შეეხებოდა მხარდამჭერთა ხელმოწერებს. უბრალოდ, განსხვავებით „ევროპელი სოციალისტებისგან“, აქ ხელმოწერები წარმოდგენილი იყო ვადაში, თუმცა შემოწმების შედეგად, ხელმოწერების ნაწილი გაბათილდა ისე, რომ საბოლოო ჯამში, 25 ათასი არ დარჩა. შემდეგ გასაჩივრდა სასამართლოში, მაგრამ ვადის გასვლის გამო საკითხი არ განხილულა“, - განაცხადა სანტურიანმა.

ცნობისთვის, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ რეგისტრაციაზე უარი 11 პოლიტიკურ პარტიას უთხრა.