ვრცელდება უმძიმესი ავარიის კადრები, დაიღუპა 28 ადამიანი - მომლოცველების ავტობუსი ავარიაში მოყვა (ირანი)
ავტობუსის ავარიას ირანში, სულ მცირე, 28 პაკისტანელი მომლოცველი შეეწირა.
როგორც ირანის ოფიციალური წყაროები იტყობინებიან, ირანში, მომლოცველებით სავსე ავტობუსი გადატრიალდა, რასაც სულ მცირე 28 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
საგენტო "როიტერის" მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რომელიც ადგილობრივი პოლიციის წინასწარი გამოძიების შედეგებს ეყრდნობა, შემთხვევა სამშაბათს, ღამით მოხდა. ავარიის მიზეზად კი გაუმართავ სამუხრუჭე სისტემას ასახელებენ.
შემთხვევა პროვინცია იეზდში მოხდა. კრიზისული სიტუაციების მართვის ხელმძღვანელის განცხადებით, დაშავებულია 23 ადამიანი, მათ შორის 7-ის მდგომარეობა კრიზისულია.
მომლოცველები პროვინცია სინდიდან მიემგზავრებოდნენ, რათა შიიტური კალენდრით ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რელიგიური დღესასწაული აღენიშნათ.
დაღუპულ 28 ადამიანს შორის 11 ქალი და 17 მამაკაცია. კრიზისების მართვის ხელმძღვანელის, ალი მალეკზადეს განცხადებით, ავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა, რის მიზეზიც გადაჭარბებული სიჩქარე, გზის არცოდნა და ავტობუსის გაუმართაობა იყო.