ბექა ოდიშარიას განცხადება, რომელსაც სალომე ზურაბიშვილმა სამარცხვინო უწოდა
სამარცხვინო განცხადება ბექა ოდიშარიასი ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებული ჩვენი მოქალაქეების შესახებ, - ასე აფასებს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი „ქართული ოცნების“ წევრის ბექა ოდიშარიას განცხადებას.
როგორც სალომე ზურაბიშვილი აღნიშნულ საკითხზე უმრავლესობის წევრი დეპუტატის განცხადებას „ფეისბუქის“ გვერდზე ეხმაურება.
„საერთოდ, უდანაშაულობის პრეზუმფცია არ იცოდე რას გულისხმობს და უარესი, კიდევ ეგრეთწოდებული სამართალდამცველების ბრალდებებს უაპელაციოდ იზიარებდე... ეს როგორც ჩანს, „ოცნების“ მიერ გაგებული, ოკუპანტებთან სამომავლო ურთიერთობების დალაგების ხედვაა, რისთვისაც თურმე საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდებათ!“, - წერს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, ოკუპანტებმა სოფელ ოტობაიაში მცხოვრები საქართველოს ორი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. ფაქტს დეპუტატი ბექა ოდიშარია გამოეხმაურა. მან აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით შემდეგი განცხადება გააკეთა:
„თუ ადამიანი დაკავებული იყო ფულის აღებ-მიცემობით იმისთვის, რომ ადამიანებს გადაეკვეთათ ხელოვნური ადმინისტრაციული საოკუპაციო საზღვარი, ბუნებრივია, ამ ადამიანსაც, სამწუხაროდ, ხელი შეუწყვია იმისთვის, რომ ის დაეკავებინათ. თუმცა, კიდევ ერთხელ, ვამბობ, რომ მან უნდა აგოს პასუხი არა აფხაზეთის მარიონეტული ხელისუფლების და ან რუსული საოკუპაციო ჯარის წინაშე, არამედ ის დაუყოვნებლივ გადმოცემული იქნას საქართველოსთვის, საქართველოს ლეგიტიმური ხელისუფლებისთვის, რომელიც ვფიქრობ, გაერკვევა საკითხში. მე უდანაშაულობის პრეზუმფციას დავიცავდი, არ დავადანაშაულებდი ამ ადამიანს იმიტომ, რომ ჩემთვის რუსული საოკუპაციო ჯარის პრესსამსახური და ან კიდევ აფხაზეთის დღევანდელი მოქმედი მარიონეტული რეჟიმი ვერ იქნება ავთენტური წყარო“, - განაცხადა ოდიშარიამ.
შეგახსენებთ, სუს-ის ინფორმაციით, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ოკუპირებული გალის რაიონში უკანონოდ დააკავეს სოფელ ოტობაიაში მცხოვრები საქართველოს ორი მოქალაქე.
მათივე ცნობით, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) მიერ ოპერირებული ცხელი ხაზის მეშვეობით, დაადასტურეს უკანონო დაკავების ფაქტი და განაცხადეს, რომ ე.წ. „სისხლის სამართლის საქმე“ აღძრულია „უკანონო მიგრაციის ორგანიზების“ ე.წ. „ბრალდებით“, უკანონოდ დაკავებულ ორივე პირს, ე.წ. „სასამართლოს“ მიერ „მიესაჯა“ 2 თვიანი „წინასწარი პატიმრობა“ და ამჟამად იმყოფებიან ე.წ „აფხაზეთის სახელმწიფო უშიშროების სამსახურის იზოლატორში“.