"სულ წაგვიღებს ყველას, ქვისგან აშენებული სახლები მოძრაობს, საშინელება ხდება" - რა ხდება კასპის მუნიციპალიტეტში და რას აპროტესტებენ ადგილობრივები?
მთა კატაულა საშინელ, სავალალო მდგომარეობაშია, თითქმის ქრება. ამ მთაზე წლებია, რაც მიმდინარეობს ქვის ამოღება, გაჩნდა ღრმულები, მთას ძირი გამოუთხარეს და მეწყერსაშიშ ზონად აქციეს", - ამ სიტყვებით იწყებს ჩვეთან საუბარს კასპის მუნიციპალიტეტის, სოფელ წინარეხის მცხოვრები ნათელა მამასახლისი.
ისტორიული სოფელი წინარეხი, ეკოლოგიური კატასტროფის წინაშეა. თბილისიდან 40 კილომენტრში, მდებარე მთებით გარშემორტყმული სოფელი იერსახეს კარგავს.
კატაულას მთა კირქვის მოპოვებით არის ცნობილი, ის კავთისხევიდან 2 კმ-ში მდებარეობს. კირქვა მთაზე, სოფელთან ძალიან ახლოს მოიპოვება ყველაზე ახლომდებარე სახლი კირქვის საბადოდან 200 მეტრითაა დაშორებული. გადათხრილი, თეთრი კირქვით დაფარული მთა სოფლის ყველა წერტილიდან მოჩანს. მთაზე განვითარებული წიაღისეულის მოპოვების პროცესებმა ლანდშაფტის ვიზუალური იერსახის დაამახინჯა. ადგილობრივი მაცხოვრებლების თქმით, ტერიტორიაზე კირქვის მოპოვება დაახლოებით 20 წელია მიმდინარეობს. თუმცა, მათ სოფელში ლიცენზიების გაცემისას მოსახლეობისთვის აზრი არასდროს არავის უკითხავს.