ჰერპეტოლოგი გველის ნაკბენით ტურისტის გარდაცვალებაზე: „პირველადი დათვალიერებით არ დასტურდება გველის ნაკბენი და მით უმეტეს, ამ მიზეზით გარდაცვალება“
ჰერპეტოლოგი შოთა ზანდუკელი გერმანელი ტურისტის გარდაცვალებასთან დაკავშირებით წერს:
"მინდა გამოვხატო მწუხარება ტურისტის გარდაცვალებასთან დაკავშირებით და შევეხო იმ ძალით გახმაურებულ ფაქტს, რომელიც არასწორი მიდგომით ააგორეს ჟურნალისტებმა.
პირველი: გარდაცვლილი ტურისტი იყო გველების მოყვარული და მოგზაური, რომელიც აკვირდებოდა ბუნებას და იღებდა სურათებს;
მეორე: არანაირი გველი არ ჰყოლია არც ჩამოყვანილი და არც ადგილობრივი.
მესამე: გარდაცვლილის პირველადი დათვალიერებით არ დასტურდება გველის ნაკბენი და მით უმეტეს, ამ მიზეზით გარდაცვალება; მეოთხე: ვთქვათ, გველგესლას ეკბინა, არის ორი ვარიანტი, ერთი, როცა მიმდინარეობს ჩვეულებრივი პროცესები, რომლებიც ასეთი სუსტი შხამის დროს ვითარდება და ადვილად იკურნება და მეორე, ანაფილაქსია,რომელიც შეიძლება როგორც გველის ნაკბენის დროს განვითარდეს, ასევე ნებისმიერი შხამიანი მწერის (კრაზანა, ფუტკარი, მორიელი...),რაც ზოგ შემთხვევაში ძალიან სწრაფად ვითარდება და შესაძლოა, გარდაცვალებითაც დასრულდეს.
ვინაიდან ეს ადამიანი იყო გაცნობიერებული და ყველა რისკს აცნობიერებდა, ასეთი სიტუაციებისთვის მზად იქნებოდა. მოკლედ, სინამდვილეში რით გარდაიცვალა ეს ადამიანი, დაადგენს ექსპერტიზა. პ.ს. მთის ასპიტი, კავკასიური გიურზა, ამაზონის სამთავა ასპიტი და მსგავსი გველები ჩვენთან არ ბინადრობენ." - წერს ზანდუკელი.