"ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია, ძალიან დიდ სტრესს ავიცილებთ" - ცვლილება, რომელიც უახლოეს მომავალში ამოქმედდება: ონკოლოგიურ პაციენტებს მედიკამენტების მიღება სამედიცინო დაწესებულებებში შეეძლებათ
ონკოლოგიის ეროვნულმა საბჭომ განიხილა და მხარი დაუჭირა სამინისტროს ინიციატივას, რომელიც მედიკამენტების მიწოდების სქემის განახლებას ითვალისწინებს.
ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებს სხვადასხვა თერაპიისთვის საჭირო მედიკამენტების მიღება პირდაპირ სამედიცინო დაწესებულებებში შეეძლებათ.
სამინისტროს ინფორმაციით, ცვლილების შედეგად, ონკოლოგიური პაციენტებისთვის პრეპარატების მიღების გზა მარტივდება - მანამდე მათ მედიკამენტების რეცეპტისთვის კლინიკაში მისვლა, შემდეგ აფთიაქში მათი შეძენა და სამედიცინო პროცედურის ჩასატარებლად ისევ კლინიკაში დაბრუნება უწევდათ.
სხდომა ჯანდაცვის მინისტრის ხელმძღვანელობით გაიმართა.