loader

"დაწესდა საკარანტინო შეზღუდვები..." - სურსათის ეროვნული სააგენტო ამბროლაურის მუნიციპალიტეტში დაფიქსირებულ ცოფთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და საზოგადოებას აფრთხილებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დაწესდა საკარანტინო შეზღუდვები..." - სურსათის ეროვნული სააგენტო ამბროლაურის მუნიციპალიტეტში დაფიქსირებულ ცოფთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და საზოგადოებას აფრთხილებს

სურსათის ეროვნული სააგენტო, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში დაფიქსირებულ ცოფის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

"ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ცოფის შემთხვევა დაფიქსირდა.

ინფორმაციის მიღებისთანავე, სააგენტოს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის ინსპექტორებმა დაიწყეს მოკვლევა. დადგინდა, რომ ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები პაციენტის ოჯახს რამდენიმე თვის წინ ქუთაისიდან წამოყვანილი ჰყავდა ლეკვი, რომელიც მალევე ავად გახდა და დაუდგენელი დიაგნოზით მოკვდა, ძაღლის სიკვდილის შესახებ სააგენტოს ინფორმაცია არ მიუღია.

ცოფის შემთხვევის დადასტურების შემდეგ, გამოვლენის კერებში ტარდება ამთვისებელი ცხოველების გადაუდებელი ვაქცინაცია. სააგენტოს რეკომენდაციით, დაწესდა საკარანტინო შეზღუდვები, რაც ქუჩაში და სხვა ადგილებში ცხოველების გაყვანის აკრძალვას გულისხმობს. საკარანტინო შეზღუდვები ცოფით დაავადების ბოლო შემთხვევის გამოვლენიდან 60 დღის განმავლობაში გაგრძელდება. შემთხვევა მოხდა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჯოში, სადაც გასულ და მიმდინარე წელს ცოფი არ გამოვლენილა. ამ ეტაპზე ოჯახს საკუთრებაში ჰყავს 4 მეძებარი ძაღლი და 7 კატა, რომლებსაც 2023-2024 წლებში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ჩაუტარა ცოფის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია.

ცოფი ვირუსული ზოონოზური ინფექციური დაავადებაა, რომლის დროს ზიანდება თავისა და ზურგის ტვინი. ადამიანსა და ცხოველში ცოფის კლინიკურად გამოვლინების შემთხვევაში შედეგი ყოველთვის ლეტალურად მთავრდება.

ინფექციის გავრცელების ძირითადი წყაროა შინაური (ძაღლი, კატა) და გარეული (მელა, ტურა, მგელი და სხვა) ხორცისმჭამელი ცხოველი. ვირუსი დაავადებული ცხოველიდან გამოიყოფა ნერწყვის საშუალებით. ადამიანი და ცხოველი ინფიცირდება ცოფით დაავადებული ცხოველის მიერ დაკბენის, დაკაწვრის და დადორბვლის შედეგად. დასნებოვნება ასევე შეიძლება მოხდეს პირის, ცხვირის, თვალის ლორწოვანზე, დაზიანებულ კანის საფარველზე დაავადებული ცხოველის ნერწყვის მოხვედრით. თუ თქვენს ცხოველს შეამჩნევთ დაავადებისათვის დამახასიათებელ კლინიკურ ნიშნებს, დაუყოვნებლივ მიმართეთ ვეტერინარს. ცხოველის მიერ დაკბენის, დაკაწვრის ან დადორბვლის შემთხვევაში ჭრილობა სასწრაფოდ ჩამოიბანეთ საპნითა და წყლით, შემდგომ აუცილებლად მიმართეთ რაბიოლოგს. ცოფის ვირუსით ინფიცირების შემთხვევაში ადამიანის გადარჩენის ერთადერთი გზა დროული ვაქცინაციაა. თქვენი და შინაური ცხოველების სიცოცხლის დასაცავად აუცილებელია ძაღლისა და კატის ყოველწლიური პროფილაქტიკური ვაქცინაცია; მოერიდეთ გარეულ, მიუსაფარ ან უცხო ცხოველებთან კონტაქტს!"