"დარიალიდან" დასაქმებული პირების ევაკუაცია განხორციელდა, სოფელ გველეთთან კი საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდა - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს?
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დევდორაკში დამონტაჟებული საზომი დეტექტორიდან, რომელიც კალაპოტში დინების მინიმალური აწევის შემთხვევაში ცვლილებას აფიქსირებს, 08:36 საათზე სასიგნალო შეტყობინება შევიდა.
უწყების ცნობით, დაუყოვნებლივ დაიწყო ინფორმაციის გადამოწმება და პარალელურად, პროტოკოლის შესაბამისად, სასაზღვრო გამშვები პუნქტი „დარიალიდან“ უსაფრთხო ადგილზე მოხდა ევაკუაცია საპატრულო პოლიციის, საბაჟო სამსახურის, სასაზღვრო პოლიციის და ყველა იმ კერძო კომპანიის თანამშრომლის, რომლებიც დასაქმებული არიან გამშვებ პუნქტზე.
"ტერიტორიის დათვალიერების მიზნით უკვე აფრინდა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, რომელშიც იმყოფებიან გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები და გეოლოგები.
ამავდროულად, პრევენციის მიზნით მოხდა საავტომობილო გზის დაკეტვა სოფელ გველეთთან. მოძრაობა შეზღუდულია ორივე მიმართულებით ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის" - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.