loader

"თავზარდამცემი ამბავია, ბიჭების დედა თურქეთში მუშაობს, გზაშია, ამ მწარე რეალობის წინაშე დადგა" - რა დეტალები ხდება ცნობილი სენაკში მომხდარ საზარელ მკვლელობაზე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"თავზარდამცემი ამბავია, ბიჭების დედა თურქეთში მუშაობს, გზაშია, ამ მწარე რეალობის წინაშე დადგა" - რა დეტალები ხდება ცნობილი სენაკში მომხდარ საზარელ მკვლელობაზე?

სამართალდამცველებმა სენაკში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ერთი პირი უკვე დააკავეს. ჩვენი ინფორმაციით, 2003 წელს დაბადებულ ლევან სახოკიას თორნიკე გოგიას განზრახ მკვლელობაში ედება ბრალი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ სენაკის მუნიციპალიტეტში, წარსულში არსებული კონფლიქტის შედეგად, ბრალდებულსა და მის სამეგობროს, კონფლიქტი მოუვიდათ, 1998 წელს დაბადებულ თ.გ.-სა და მის მეგობრებთან, რის შედეგადაც ბრალდებულმა თ.გ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. თ.გ. სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა. მომხდარი ინციდენტის შედეგად ასევე ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო რამდენიმე პირმა. სამართალდამცველებმა ბრალდებული ლ.ს. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს. იგი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, დაკავებულ პირს 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ჯერჯერობით სამართალდამცველებს არ უსაუბრიათ, თუ რა ძველი წყენა იყო მათ შორის და რატომ მივიდა საქმე ამხელა ტრაგედიამდე. უმძიმესი დანაშაული სენაკში, გორის ქუჩაზე წუხელ მოხდა. როგორც ირკვევა, ძმებ გოგიებს სახლში მიუცვივდნენ ახალგაზრდები და კონფლიქტი სწორედ მათი სახლის წინ მოხდა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, კონფლიქტში 15-ზე მეტი ახალგაზრდა მონაწილეობდა, რა დროსაც სასიკვდილოდ დაჭრეს თორნიკე გოგია, მისი ძმა, ალექსი გოგია, ძმების მეზობელი გიორგი მეფიშვილი, რომელიც როგორც ჩანს, ფაქტს შეესწრო და დაჭრილია ასევე კიდევ ერთი სენაკელი ახალგაზრდა, რუსლან კინწურაშვილი, რომელიც ამ დრომდე სენაკის საავადმყოფოში იმყოფება. არსებული ინფორმაციით, კინწურაშვილი დაკავებულს და მის მეგობრებს ახლდა იქ.

"ძალიან შეძრულები ვართ ამ ფაქტით. ძმებ გოგიებს კარგად ვიცნობ. მათი ერთი ძმა არის ნასამართლევი მხოლოდ, წლების წინ კონფლიქტი მოხდა, მგონი, დაჭრა ვიღაც, ამის გამო ციხეში მოხვდა, მაგრამ ციხიდან გამოსვლის შემდეგ ის საქართველოდან წავიდა და საზღვარგარეთ ცხოვრობს. დანარჩენ ძმებს ვიცნობ, რომლებიც სენაკში არიან. ისინი ძალიან პატიოსანი ცხოვრებით ცხოვრობენ. ძმებიდან მხოლოდ ერთი, 27 წლის ალექსია დაოჯახებული, დანარჩენს არ ჰყავს ცოლ-შვილი. სულ 6 დედამიშვილი არიან, 5 ძმა და ერთი და. გუშინ რა მოხდა, ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ ის შემიძლია გითხრათ, რომ, არც თორნიკეს აქვს კრიმინალებთან კავშირი და არც ალექსის. მისი პატარა ძმებიც სკოლის ასაკიდან სულ ფიზიკურად შრომობენ და მართლა პატიოსნად ცხოვრობენ. ვინ და რატომ გაიმეტა ისინი ასე სასიკვდილოდ, ნამდვილად არ ვიცი.

ძალიან კარგი ოჯახი აქვთ, ბებიას და ბაბუას დიდი წვლილი აქვს მათ აღზრდაში. ბებო პედაგოგია. ბიჭების დედა აფხაზეთიდან არის და საზღვარგარეთ დადიოდა სამუშაოდ. ამჟამადაც თურქეთში იმყოფებოდა და სწორედ იქ გაიგო ეს თავზარდამცემი ამბავი. ახლა დედა მოდის, გზაშია და ამ მწარე რეალობის წინაშე დადგა ეს ოჯახი. ალექსის ოპერაცია უკვე ჩაუტარდა, ქუთაისში წევს და როგორც მითხრეს, გადარჩება. ღმერთმა გადაარჩინოს, გული მეწვის, რადგან ძალიან კარგად ვიცნობ, ძალიან მორიდებული და მშრომელი ბიჭია, მხოლოდ კარგი შემიძლია მასზე ვთქვა. თორნიკეც კარგი ბიჭი იყო. ამბობენ, თითქოს საზღვარგარეთ მყოფი მათი ძმის გამო მოუხდათ კონფლიქტი. არ ვიცი ეს რამდენად მართალია, მაგრამ ძმასთან კონფლიქტის გამო მის ძმებს რატომ გაუსწორდნენ ასე სასტიკად? ძმები რა შუაში იყვნენ? ყველაზე უფროსია ალექსი, 27 წლის და მათი ნაბოლარა და ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლეა. პატარები არიან ასაკით. ასეთი ტრაგედია არ უნდა დატრიალებულიყო. რა საქმის გარჩევა იყო, ალბათ გაირკვევა ყველაფერი. მთელი დღე ვტირი, თორნიკე, მაღალი, გამხდარი, გარეგნულად ლამაზი ბიჭი იყო, ახალგაზრდას მოუსწრაფა ვიღაცამ სიცოცხლე, დაკავებულს არ ვიცნობ, მაგრამ ამბობენ, რომ სენაკელია ისიც. თორნიკე ახლა იწყებდა ცხოვრებას და ასე უმოწყალოდ მოუსწრაფეს სიცოცხლე", - ამბობს ჩემთან საუბარში ადგილობრივი. განაგრძეთ კითხვა