ირმა სოხაძის პირველი კომენტარი მას შემდეგ, რაც მისი გადაცემა შეაჩერეს
"პოსტვ"-ზე ირმა სოხაძის გადაცემა დაიხურა. ამის შესახებ "პალიტრავიდეოს" წამყვანმა თავად დაუდასტურა, თუმცა აღნიშნავს, რომ მიმდინარე მოვლენებთან კავშირი არ აქვს.
"საერთო მოსაზრებით გავაჩერეთ გადაცემა, ახლა არ არის ამ გადაცემის დრო და ადგილი. გავაჩერეთ, შეიძლება გაახლდეს სექტემბრიდან, ან საერთოდ დაიხუროს, არავინ არაფერი ვიცით. პოლიტიკური მოსაზრების გამო შენიშვნა არავისგან მიმიღია. ამ აზრზე ვარ და ვიქნები", - ამბობს ირმა სოხაძე.
ცნობილია, რომ მან რამდენიმე დღის წინ "რუსულ კანონთან“ დაკავშირებით "კვირის პალიტრასთან“ შემდეგი განაცხადა:
"ჩვენ იქ ვცდებით, როდესაც განსხვავებული აზრისა და კუდიანების დევნას ვიწყებთ, შეთქმულების თეორიებს განვიხილავთ. აქ არ არის განსხვავებული აზრი, აქ ყველა ერთ აზრზე ვართ, რომ ჩვენი მომავალი - ევროპისკენ სვლა კონსტიტუციით, 78-ე მუხლითაა დამტკიცებული. ნუ დავყოფთ, რომ თითქოს ახალგაზრდებს უნდათ ევროპა და ჩემს თაობას კი - რუსეთი. არა, ბატონო, მე უფრო არ მინდა რუსეთი, რადგან უკვე ვიცხოვრე იმ ქვეყანაში და ვიცი, რაც არის, და როგორღა უნდა მინდოდეს იმ წარსულში დაბრუნება? ვინ დაგვაბრალა ეს ჩემს თაობას? ეს არ არის თაობათა ომი და საერთოდ, ეს არავის ომი არ არის. შეიძლება გამჭვირვალობა მართლაც აუცილებელია, მაგრამ არ მინდა ყველა ნიუანსი ვიცოდე ქვეყნის შუაზე გახლეჩის ფასად. ხომ გახსოვთ, რა ბედნიერები ვიყავით ამ კანონის დაინიცირებამდე? მართლაც გვჯეროდა, რომ "ზღაპრის ბოლო კეთილია", და უცებ კვლავ შუაზე რატომ გავიხლიჩეთ? ღამეები არ მძინავს, ვზივარ, ეკრანს ვუყურებ და ვტირი. გავიგოთ, რომ ყველა ვართ ერთ აზრზე! რაც უფრო მალე გავიგებთ და ვაღიარებთ, უკეთესი იქნება ჩვენთვისაც და ქვეყნისთვისაც“ - აღნიშნა ირმა სოხაძემ "კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში.