ზურა ბერიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ახალი ინფორმაცია ვრცელდება - "პროგნოზი სახარბიელო არ არის..."
"პროგნოზი სახარბიელო არ არის. ჩვენ, ალბათ, ის ზურიკო ვეღარ დაგვიბრუნდება, მაგრამ გვაქვს იმედი, ღვთის წყალობით" - ამის შესახებ მანანა ბერიკაშვილმა ჟურნალ "სარკეს" ძმის ჯანმრთელობაზე საუბრისას განუცხადა.
მისივე თქმით, ზურა ბერიკაშვილს გული არ აწუხებდა და არც რაიმე სანერვიულო ჰქონია.
"ზურიკოს მართლაც რომ ჭიანჭველისთვის არ დაუდგამს ფეხი. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საუკეთესო ბერიკაშვილია, ყველაზე მაგარი მთელ ჩვენს მოდგმაში. ალბათ, არ გაგვწირავს ღმერთი და ყველაფერი კარგად და ისე იქნება, როგორც საჭიროა.
გული არ აწუხებდა და არც რაიმე სანერვიულო ჰქონია. არც რაიმე წინაპირობა არსებობდა, რომ ასეთი რამ დაემართებოდა, მეხის გავარდნა იყო ეს ყველაფერი ჩვენთვის.
სპექტაკლზე იყო იმ დღეს… საერთოდ უთქმელია, შეიძლება თავს კარგად ვერ გრძნობდა, მაგრამ არაფერი უთქვამს. წუწუნა არ იყო და არც თავის დაავადებაზე დაუჩივლია ოდესმე, ცხოვრობდა, როგორც ჩვეულებრივი, ჯანმრთელი ადამიანი…" - ამბობს მანანა ბერიკაშვილი.
ცნობისთვის, ზურა ბერიკაშვილს რამდენიმე თვის წინ მოულოდნელად ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა - მას გული გაუჩერდა. მანანა ბერიკაშვილის ინფორმაციით, 15-20 წუთის განმავლობაში გული გაჩერებული იყო, რამაც ძალიან დიდი პრობლემები გამოიწვია. ზურა ბერიკაშვილი გერმანიაში გადაიყვანეს, სადაც მართვითი სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს, ახლა კი ისევ საქართველოში დააბრუნეს, სადაც მკურნალობას განაგრძობს.