loader

ცნობილია, რა დაუჯდება გერმანიას “ევრო-2024” - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ცნობილია, რა დაუჯდება გერმანიას “ევრო-2024”

ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყანა, გერმანია, ზაფხულისთვის არცერთ ახალ სტადიონს, აეროპორტს, ფართომასშტაბიან სატრანსპორტო კვანძს თუ ავტობანს არ ააშენებს. Forbes Sport-ი წერს, რომ გერმანელებს ეს ყველაფერი უკვე აქვთ.

გამოცემის შეფასებით, გერმანიაში ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი პროცესი მსგავსი საფეხბურთო ტურნირებისადმი სხვა ქვეყნების მიდგომისგან შესამჩნევად განსხვავდება.

მიზეზი ის არის, რომ მომავალი ტურნირი ქვეყნისთვის 21-ე საუკუნეში მეორე მსხვილი საშინაო შეჯიბრებაა. კერძოდ, გერმანელებმა 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლეს და სხვა 9 ქვეყანასთან ერთად, ისინი “ევრო 2020-ის” ორგანიზებაშიც მონაწილეობდნენ. სწორედ 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატმა ჩაუყარა საფუძველი ქვეყნის ინფრასტრუქტურას, რომელსაც გერმანია მომავალი ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობისთვის გამოიყენებს.

კერძოდ, ზაფხულის მატჩები ათი ქალაქის არენაზე გაიმართება. ეს არის: ბერლინი, დორტმუნდი, მიუნხენი, კიოლნი, შტუტგარტი, ჰამბურგი, ლაიფციგი, ფრანკფურტი, გელზენკირხენი და დიუსელდორფი. მხოლოდ ეს უკანასკნელი არ იყო იმ ქალაქებს შორის, რომლებმაც 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩებს უმასპინძლეს. ყველა სხვა ლოკაციის არენაზე 18 წლის წინ ტურნირის თამაშები გაიმართა. თუმცა დიუსელდორფის სტადიონი, Merkur Spiel Arena-ც კი არ აშენებულა სპეციალურად “ევრო 2024-ისთვის” და ის ჯერ კიდევ 2004 წელს გაიხსნა.

გერმანელებმა გულშემატკივრების განსათავსებელი ობიექტების ფართომასშტაბიან მშენებლობაზეც თქვეს უარი, რომლებიც ქვეყანას ზაფხულში უნდა ესტუმრნონ. ჩემპიონატისთვის არცერთ ქალაქში არ გახსნილა ახალი აეროპორტი ან მატარებლის სადგური და მზადება მხოლოდ არსებული ინფრასტრუქტურის კოსმეტიკური გაუმჯობესებით შემოიფარგლებოდა.

“გერმანიაში ასეთი ზომები მკვეთრად ეწინააღმდეგება ბოლო ათწლეულების განმავლობაში მსხვილი საფეხბურთო ტურნირების წინ გრანდიოზული სამშენებლო პროექტების ჩვეულ ისტორიებს… ალბათ, ყველაზე ეკონომიური ევროპის ჩემპიონატი გვექნება." - წერს Forbes Sport-ი.

გამოცემას შედარებისთვის 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი მოჰყავს, რომელიც ყატარში ჩატარდა. ქვეყანაში ჩემპიონატისთვის ათობით კილომეტრი გზატკეცილი, სამი მეტროს ხაზი, აეროპორტი და დოჰადან 15 კილომეტრში პატარა ქალაქიც კი აშენდა, სახელწოდებით, “ლუსაილი”. ქვეყნის უდიდესი არენა სწორედ ამ ქალაქშია. ამასთან, რვა სტადიონიდან შვიდი ნულიდან აშენდა და რეკონსტრუქცია მხოლოდ ერთს ჩაუტარდა. ყატარის მსოფლიო ჩემპიონატი ისტორიაში ყველაზე ძვირი გახდა. პორტალ Front Office-ის შეფასებით, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ქვეყნის მთლიანმა ხარჯმა 200 მლრდ დოლარს გადააჭარბა.

თუმცა, Forbes Sport-ი წერს, რომ საფეხბურთო არენებისა და საჭირო ინფრასტრუქტურის არსებობის მიუხედავად, გერმანიამ ხარჯი სრულად მაინც ვერ აიცილა. კერძოდ, ცალკეული რეგიონების ხელისუფლებებს, რომლებიც “ევრო 2024-ის” უშუალო მასპინძლები არიან, ტურნირისთვის მზადება და ფინანსების განაწილება დაევალათ. იმ 10 რეგიონიდან, სადაც სტადიონებია, თითოეულმა ევროპის ჩემპიონატის ხარჯი უკვე განსაზღვრა.

კერძოდ, ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატისთვის მზადებაზე რეგიონების ხარჯი ასეთია:

ბერლინი - 80 მლნ ევროშტუტგარტი - 65 მლნ ევროლაიფციგი - 35 მლნ ევროფრანკფურტი - 30.2 მლნ ევროჰამბურგი - 30 მლნ ევრომიუნხენი - 21 მლნ ევროდორტმუნდი - 21 მლნ ევროდიუსელდორფი - 20.5 მლნ ევროკიოლნი - 14.1 მლნ ევროგელზენკირხენი - 10 მლნ ევრო. განაგრძეთ კითხვა