loader

“გაღვივდა იმედი, რომ ერზურუმში აღმოჩენილი ეს სარკოფაგი სწორედ გურჯ ხათუნსა და მის ვაჟს ეკუთვნით“ - რას წერს თურქეთის ქართველი დედოფლის შესახებ საქართველოს ელჩი თურქეთიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“გაღვივდა იმედი, რომ ერზურუმში აღმოჩენილი ეს სარკოფაგი სწორედ გურჯ ხათუნსა და მის ვაჟს ეკუთვნით“ - რას წერს თურქეთის ქართველი დედოფლის შესახებ საქართველოს ელჩი თურქეთიდან

თურქეთში საქართველოს ელჩი გიორგი ჯანჯღავა ქალაქ ერზურუმში აღმოჩენილი საკოფაგებისა და სიახლის შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც გიორგი ჯანჯღავა წერს, ჯერ კიდევ 2019 წელს აღმოჩენილი სამარხის შესწავლა მიმდინარეობს. თავიდანვე იყო ეჭვი, რომ შესაძლოა იქ გურჯი ხათუნი ყოფილიყო დაკრძალული. ცოტა ხნის წინ კი აღმოაჩინეს წერილობითი მტკიცებულებები, რაც ვარაუდს უფრო ამყარებს:

  • ძვირფასო მეგობრებო, მსურს გაგიზიაროთ ქართული საზოგადოებისა და ისტორიოგრაფიისათვის აქამდე უცნობი და მეტად მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც ეხება გურჯი ხათუნის განსასვენებლის ადგილმდებარეობის დადგენის საკითხს: მოგეხენებათ, ანატოლიის სელჩუკთა ისტორიის ამსახველი წყაროები მწირია. იბნ ბიბი (İbn Bîbî - el-Evâmirü’l-ʿAlâʾiyye), ქერიმუდდინ აქსარაი (Kerîmüddin Aksarâyî - Müsâmeretü’l-aḫbâr Tarih-i Âl-i Selçuk), აჰმედ ეფლაკი (Ahmed Eflâkî) და შუა საუკუნეების სხვა ავტორები თავიანთ ძირითად შრომებში მოგვითხრობენ ქართველთა სამეფოსა და მცირე აზიის სელჩუკთა რუმის სასულთნოს კავშირებსა და ისტორიაზე, იმდროინდელი მმართველების ურთიერთობებზე, ასევე, რასაკვირველია, გურჯ ხათუნზე. თუმცა, ცნობებში, მათ შორის, იბნ ბიბის ,Selçukname-ში, არსად არ არის მოხსენიებული მისი საბოლოო განსასვენებელი. გურჯ ხათუნის საფლავის შესახებ არაფერს წერენ არც ევროპელი ისტორიკოსები და მკვლევარები, მათ შორის, ენდრიუ სპენსერ პიკოკი (Andrew Spencer Peacock), ჯონ ფრილი (John Freely), დევიდ ტელბოტ რაისი (David Talbot Rice) და სხვები. როგორც მოგეხსენებათ, ქართული ისტორიოგრაფიისთვისაც, ბოლო პერიოდამდე, უცნობი იყო გურჯი ხათუნის საფლავის ადგილმდებარეობა.
  • ამ კონტექსტში, განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ სულ ახლახან მივაკვლიე ქართული საზოგადოებისთვის უცნობ, შუა საუკუნეების ავტორის, ნიღდელი ქადი აჰმედის (1286-1333) სპარსულენოვანი მანუსკრიპტის (el-Veledü’ş-şefîḳ) თურქულ თარგმანს, რომლის ორიგინალიც სულეიმანიეს ბიბლიოთეკის ხელნაწერთა საცავში ინახება. ამ სქელტანიან ნაშრომში არაერთხელაა ნახსენები საქართველო, ქართველები, თამარ მეფე და რა თქმა უნდა, გურჯი ხათუნიც. ხელნაწერში, სამ სხვადასხვა ადგილას, ავტორი აღნიშნავს, რომ გურჯი ხათუნი, თავის ვაჟთან, სულთან ალაედდინ ქეიქუბად II-სთან ერთად, ქ. ერზურუმში განისვენებს.
  • როგორც ადრეც გაუწყეთ, 2019 წელს მქონდა პატივი, პირველს მომენახულებინა გურჯი ხათუნის ახლად აღმოჩენილი სავარაუდო განსასვენებელი, ქ. ერზურუმში.
  • ზემოხსენებულ მწირ წერილობით და ასევე, ზეპირ წყაროებზე დაყრდნობით, გაღვივდა იმედი, რომ ერზურუმში აღმოჩენილი ეს სარკოფაგი სწორედ გურჯ ხათუნსა და მის ვაჟს ეკუთვნით. ამასთან, ისტორიული სიმართლის დასადგენად, ჩვენი მოთხოვნით, საძვალეში არსებულ ნეშტებს ჩაუტარდათ დნმ ანალიზი. თურქულ მხარესთან ერთად, ვაგრძელებთ მუშაობას აღნიშნული მიმართულებით და მაქვს დიდი იმედი, რომ მალე სასიხარულო სიახლეებს ვამცნობთ ფართო საზოგადოებას.

იხილეთ ასევე: თურქეთის ქართველი დედოფლის, გურჯი ხათუნის მდიდრული და ტრაგიკული ცხოვრება