პანიკაში მყოფი მოსახლეობა და აფეთქებები, გარდაცვლილია ერთი ადამიანი - არჩევნები საჰაერო განგაშის ფონზე ბელგოროდის ოლქში
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს სპიკერმა ანდრეი იუსოვმა დაადასტურა, რომ ბელგოროდისა და კურსკის რეგიონებში დივერსანტები მოქმედებენ.
იუსოვმა უკრაინულ ტელევიზიას განუცხადა, რომ "რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები, რომლებსაც სხვა არჩევანი არ აქვთ, იარაღით ხელში იცავენ თავიანთ სამოქალაქო უფლებებს პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში. კურსკისა და ბელგოროდის რეგიონები ახლა აქტიური საომარი მოქმედებების ტერიტორიაა."
ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა, რომ პარასკევს დილით გრეივორონსკის ურბანული რაიონიდან 400-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. მათ შორის არიან გორა-პოდოლის, გლოტოვოსა და კოზინკის სასაზღვრო დასახლებების მცხოვრებლები.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ბელგოროდის ოლქის ქალაქ გრაივორონის დაბომბვის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი, ვიაჩესლავ გლადკოვი „ტელეგრამ“ არხზე წერს.
„ქალაქი გრაივორონი უკრაინის შეიარაღებული ძალების ცეცხლის ქვეშ მოექცა. არის გარდაცვლილი. ის ჩვენი ტერიტორიული თავდაცვის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე იყო“, - წერს გლადკოვი.
მისი ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ქალაქის ცენტრში სავაჭრო ობიექტები, კერძო საცხოვრებელი შენობები, ავტოფარეხები და ავტომობილები დაზიანდა.