“ჩვენ პატივს ვცემთ უკრაინელ ხალხს და შესაბამისად, არ ვაპირებთ არახამიასთან თუ სხვა პოლიტიკოსებთან პოლემიკაში შესვლას“ - რას აცხადებს პრემიერი დავით არახამიას განცხადებასთან დაკავშირებით
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ შეაფასა დავით არახამიას მიმართვა საქართველოს მთავრობისადმი იმის მოთხოვნით, რომ გათავისუფლდეს და უკრაინას დაუბრუნდეს მიხეილ სააკაშვილი, შეწყდეს პირდაპირი ფრენები საქართველოდან- რუსეთში და ა.შ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ პროკურატურამ ზურაბ ადეიშვილის დაკავებისა და საქართველოში ექსტრადირების მიზნით გერმანიას და ბელგიას მიმართა.
იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი ბრალდებულია პატიმრების წამების, ბუტა რობაქიძის მკვლელობის, კობა დავითაშვილის ცემის და სხვა სისხლის სამართლის საქმეებზე. აღსანიშნავია, რომ გერმანიის ფედერაციულმა რესპუბლიკამ პატიმრების წამების საქმეზე კიდევ ერთი ბრალდებული დავით ჭაკუა, საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ქართულ მხარეს 2020 წელს გადასცა.
ინფორმაციისთვის, გერმანიაში გამართული შეხვედრების ამსახველი ფოტოები, რომლებზეც ზურაბ ადეიშვილი ჩანს, უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ "ფეისბუკის" გვერდზე გამოაქვეყნა. უკრაინის პროკურატურის ინფორმაციით, უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ანდრი კოსტინმა ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრაზე განიხილა ომის დანაშაულების მსხვერპლებთან და მოწმეებთან მუშაობის კოორდინაციისა და მათთვის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის საკითხები. ასევე, უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისმა 6 მარტს გაავრცელა ფოტო, რომელზეც ანდრეი კოსტინსა და ევროკომისიის სამეზობლოსა და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალური დირექტორის, გერტ იან კომპანს შორის შეხვედრაზე ზურაბ ადეიშვილიც იმყოფება.
ბუნდესტაგში ზურაბ ადეიშვილის ყოფნას უარყოფითი რეაქცია მოჰყვა საქართველოს მმართველი პარტიის წარმომადგენლების მხრიდან.
საპასუხოდ, საქართველოში გერმანიის საელჩომ განმარტა, რომ ზურაბ ადეიშვილი 22 თებერვალს დებატების დროს იმყოფებოდა გერმანიის ბუნდესთაგის სტუმრებისთვის განკუთვნილ ტრიბუნაზე, როგორც უკრაინის ელჩის დელეგაციის წევრი. გერმანიაში არ არსებობდა სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებზე დაფუძნებული მიზეზი იმისათვის, რომ მისთვის აეკრძალათ პარლამენტში შესვლა.
ასევე, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ განმარტა, რომ ევროკომისიის სამეზობლოსა და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალური დირექტორი გერტ იან კოპმანი უკრაინის გენერალურ პროკურორს შეხვდა, რომელსაც უკრაინის დელეგაციაში შემავალი რამდენიმე ადამიანი ახლდა. ამავე ინფორმაციის თანახმად, გერტ იან კოპმანს რეგულარული შეხვედრები აქვს დასავლეთ ბალკანეთის, აღმოსავლეთ და სამხრეთ სამეზობლოს და სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან უკრაინის ჩათვლით, უკრაინის გენერალურ პროკურორთან შეხვედრის სხვაგვარად წარმოჩენა კი, მათივე განმარტებით, დეზინფორმაციაა.
დღეს, 11 მარტს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოში ევროკავშირის ელჩთან, პაველ ჰერჩინსკისთან და საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩთან, პეტერ ფიშერთან შეხვედრა გაიმართა, რა დროსაც ელჩებს ოფიციალურად გადაეცათ "ქართული მხარის შეშფოთება ევროკავშირსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გამართულ ვიზიტებსა და შეხვედრებში საქართველოს სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის დამნაშავედ აღიარებული და ძებნილი პირის, ზურაბ ადეიშვილის მონაწილეობის გამო".