loader

როგორ გამოიყურება სახლი ნახალოვკაში, სადაც მჯდომარე ანასტასია ცხოვრობდა - ტრაგიკული სიყვარულის გამო, სალოსად ქცეული ქალის ამბავი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ გამოიყურება სახლი ნახალოვკაში, სადაც მჯდომარე ანასტასია ცხოვრობდა - ტრაგიკული სიყვარულის გამო, სალოსად ქცეული ქალის ამბავი

მჯდომარე ანასტასიას საოცარი ისტორიის შესახებ რამდენიმე წლის წინ გახდა ცნობილი.

ანასტასია, იგივე ანა საზანოვა დაიბადა თბილისში, ცხოვრობდა ნაძალადევის რაიონში. როგორც ამბობენ, ის ახალგაზრდობაში ძალიან ლამაზი იყო. დედა ადრე გარდაეცვალა და დედინაცვალი ზრდიდა, რომელსაც გერი მაინცდამაინც არ უყვარდა. ანასტასია გალობდა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში, სადაც წინათ აბანო იყო. მაშინ იქ ჯერ კიდევ ეკლესია იდგა და ანასტასია მასთან ახლოს ცხოვრობდა. ის ერთ ოფიცერს შეუყვარდა, რომელმაც გოგონას ცოლობა სთხოვა და ანასტასიამაც თანხმობა განუცხადა. 1905 წელს, ოფიცერი ომში წასვლამდე ანასტასიასთან მივიდა სახლში დასამშვიდობებლად. მაგრამ, დედინაცვალმა უთხრა, რომ ანასტასია ჭკუიდან შეცდა, საავადმყოფოში წაიყვანეს და დადგინდა, რომ მისი განკურნება შეუძლებელიაო. ამ ამბავმა ოფიცერს თავზარი დასცა, მაშინვე ამოიღო რევოლვერი და იქვე, სახლის ზღურბლზე თავი მოიკლა. იმ დროს ანასტასია ეკლესიაში ლოცვაზე იმყოფებოდა. სახლში რომ დაბრუნდა და საქმრო მკვდარი ნახა, აქედან დაიწყო მისი წამება. ანასტასიამ იქვე დაიჩოქა და აუდგომლად, 1905 წლიდან 1970 წლამდე ლოცულობდა. ის თითქმის 65 წლის განმავლობაში ღია ცის ქვეშ იჯდა, წამებაში, განკითხვაში, ლანძღვაში, დედინაცვალი ყინვაში გამოდიოდა და, ცივ წყალს ასხამდა. მაგრამ, როდესაც ის დედინაცვალმა გადახურულ ქოხში შეიყვანა (გზას კეტავო), რომელსაც კარი არ ჰქონდა, ანასტასიამ ჩათვალა, რადგან ჭერი გაუჩნდა, ამით ღვაწლი შეუმსუბუქდა, ამიტომ

დამსხვრეული შუშის ბოთლებსა და კონსერვის ქილებზე დაჯდა. ქილებს სახურავები ისე ჰქონდა მოჭრილი, ბასრი პირი ხანდახან ძვლამდე ატანდა. მასთან, უამრავი ადამიანი მიდიოდა და ლოცულობდა. როგორც ცნობილია, მისი სახლიდან პოლიცია ხშირად ყრიდა ხალხს, მაგრამ, როდესაც ის ერთ ჩინოვნიკს დაეხმარა და უთხრა, რომ მისი შვილი ცოცხალი იყო, მას შემდეგ ისე სასტიკად აღარ დევნიდნენ. ამბობენ, რომ ანასტასიასთან ვასილ მჟავანაძეც დადიოდა, ხშირად ეკითხებოდა რჩევებს. 1956 წლის 9 მარტს, როდესაც ხრუშჩოვმა ქართველების გადასახლება მოინდომა, ვასილ მჟავანაძეს ანასტასიასთვის უკითხავს, რა გვეშველებაო. მას კი უთქვამს, ნუ გეშინია, ქართველებს ვერაფერს დააკლებსო. მასთან დადიოდა ასევე ლავრენტი ბერიას დედაც და სხვა ცნობილი ადამიანები. თავად ანასტასია ძალიან ცოტას ლაპარაკობდა. თუ ჰკითხავდნენ, ეს ადამიანი გარდაიცვალაო? – აიღებდა ვაშლს ხელში და ეს ნიშნავდა, რომ ცოცხალი იყო, თუ დადებდა – გარდაცვლილი. ანასტასია ავადმყოფებთან ვერ მიდიოდა, ამიტომ აიღებდა ვაშლს, „მამაო ჩვენოს” იტყოდა, გადასწერდა პირჯვარს და გაატანდა. ამ ვაშლის ჭამის შემდეგ, ბევრი ადამიანი განკურნებულა. ამიტომ, მიაქვთ დღეს ანასტასიას საფლავზე წითელი ვაშლები და მას შემწეობას, განკურნებას ევედრებიან. მის საფლავზე, ასევე მიდიან სასულიერო პირები, სხვადასხვა მონასტრის იღუმენები, რომლებიც პანაშვიდს იხდიან, ლოცულობენ და ანასტასიას დახმარებით უფლისგან შემწეობას, სხვადასხვა წყალობას იღებენ. ჯერ კიდევ სიცოცხლეში მოდიოდნენ მასთან სასულიერო პირები და აზიარებდნენ კიდეც. გიორგი საზანოვი (ანასტასიას დისშვილი): “ დეიდას 1940 წლიდან სულ მე ვუვლიდი, დილით რომ ვდგებოდი, მასთან ეზოში მივდიოდი. დეიდასთან ძალიან ბევრი ადამიანი მიდიოდა. მის წინ სკამებს ვდგამდი – სხდებოდნენ, ერთად გალობდნენ, ლოცულობდნენ. მილიციის უფროსი სახლის წინ რომ ჩაივლიდა და ხალხის ხმას გაიგებდა, მაშინვე გარეკავდა ხოლმე მათ. 2-3 წლის განმავლობაში დეიდასთან არავის უშვებდნენ. 1970 წლის 7 ივნისს, როდესაც ეზოში ჩავედი, დეიდა გარდაცვლილი დამხვდა. მალე არ დაგვისაფლავებია, რადგან, ძალიან ბევრ ადამიანს უნდოდა მასთან გამომშვიდობება, მათ შორის, სასულიერო პირებსაც. წესი ჩვეულებრივ აუგეს, პანაშვიდები გადაუხადეს, დღეც და ღამეც სულ ხალხი მოდიოდა. ანასტასიას მუხლებზე, ქუსლებზე ჯდომისგან, ფეხები სულ შეხორცებული ჰქონდა. როდესაც გარდაიცვალა, სპეციალური ყუთი გავუკეთე, სადაც ჩავაწვინეთ და ისე დავკრძალეთ. ზამთარში თოვლი რომ მოვიდოდა, ანასტასია სულ დაითოვლებოდა ხოლმე. დედა მეუბნებოდა, მიდი, ცოცხი აიღე და გაწმინდეო. არასდროს გამხდარა ავად. ის ადგილი მოგვიანებით გადავხურეთ, მაგრამ გარეთ გამოვიდა, არ უნდოდა სახურავი, წვიმასა და თოვლშიც ასე იყო. 5 კაპიკს მაძლევდა, რომ ვუვლიდი. ის ყოველთვის ძალიან ტკბილად საუბრობდა. ზოგიერთი ადამიანისგან იღებდა ხილს, საჭმელს, სულ მოდიოდნენ და მოჰქონდათ, ზოგს კი ეზოშიც არ უშვებდა. მაშინ პატარა ვიყავი და ვერაფერს ვხვდებოდი, დღესაც უამრავი რამ არის საოცარი ჩემთვის. ახლა უკვე ბევრმა ადამიანმა იცის ანასტასიას შესახებ, მის სასაფლაოზე დადიან, ლოცულობენ. ის ძალიან კარგი ადამიანი იყო.“ არქიმანდრიტი რაფაელ კარელინი წიგნში "გადარჩენის საიდუმლო" წერს: "ცხოვრებაში ისეთ ადამიანებს შევხვედრილვარ, რომლებიც მუდმივი სასწაულის ატმოსფეროში ცხოვრობდნენ. მათთვის თითქოს არ არსებობდა ფიზიკის კანონები, ადამიანის უძლურება, ვნებები, რომლებიც სულს აზიანებს. თითქოს მათთვის, ხატოვნად რომ ვთქვათ, არ არსებობდა მიზიდულობის ძალა. ასეთი ადამიანი იყო ანასტასია, რომელსაც ხალხი "მჯდომარე ანასტასიას" ეძახდა. მისი ღვაწლი ადამიანურ შესაძლებლობებს აღემატებოდა, ისევე, როგორც ძველი მესვეტეებისა. საკუთარი თვალით რომ არ მენახა და მხოლოდ გამეგონა ანასტასიას შესახებ, ალბათ, გულში ეჭვი შემეპარებოდა, ისევე, როგორც შესაძლოა ამ სტრიქონების მკითხველს, მაგრამ ჯერ კიდევ ცოცხლები არიან მოწმეები, თვითმხილველები ჩვენს დროში მოვლენილი ამ სასწაულისა