ვინ არიან და-ძმა ვიბლიანები, რომელთა ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა? - რა მოხდა რეალურად ქორწილში: "არ ველოდი, თუ ამხელა გამოხმაურება მოჰყვებოდა, მსოფლიოს მასშტაბით გახდა პოპულარული"
რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა ვიდეო ქორწილიდან, სადაც ჩანს, რომ პატარა გოგონა თაიგულის დასაჭერად მიდის და მას ძმა აჩერებს. ვიდეოს ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა - საზოგადოების ნაწილმა ბიჭის საქციელი გააკრიტიკა, თუმცა კომენტარებში ყველა აღნიშნავდა და-ძმის გამორჩეულ გარეგნობას.
და-ძმა მარიამ და ირაკლი ვიბლიანები არიან. ambebi.ge ინტერვიუზე მათ უფროს დას, მეგი ვიბლიანს დაუკავშირდა, რომელმაც ვიდეო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
"ჩემი მამიდაშვილის ქორწილში ვიყავით. პატარძალს ძალიან ლამაზი, თეთრი თაიგული ეჭირა და როდესაც უნდა ესროლა, ჩემს დას, მარიამს ვუთხარი, მიდი, რა, მარიამ, დაიჭირე და მომიტანე, არ მინდა, რომ გაპუტონ-მეთქი. თავიდან უარზე იყო, მერე ადგა მაინც, მივიდა. ირაკლიმ რომ დაინახა, თაიგულის დასაჭერად მიდიოდა, უთხრა, რა თაიგულიო. სწორედ ეს მომენტი ჩანს ვიდეოში. მარიამმა მე შემომხედა გაბრაზებულმა, რატომ გამიშვიო. ვიდეოს გამოქვეყნებამდე სვანური სიმღერა დავადე, რომელიც ასე ითარგმნება: "გათხოვება როცა გინდა და თვალები გაქვს დიდი, მაგრამ საქმეს რომ გეტყვიან, მაშინ ამბობ, რომ ბავშვი ხარ".
იქამდე მარიამსაც ვაჩვენე, დედასაც და ყველამ ბევრი ვიცინეთ. არ ველოდი, თუ ამხელა გამოხმაურება მოჰყვებოდა, მსოფლიოს მასშტაბით გახდა პოპულარული. საერთოდ, ირაკლი ძალიან მოსიყვარულე ძმაა, განსაკუთრებით, მარიამისთვის. მე მათზე უფროსი ვარ და 11 წელია საქართველოდან წასული ვარ, ჩინეთში ვცხოვრობ. ესენი სულ ერთად არიან და გაგიჟებულები არიან ერთმანეთზე. კომენტარები რომ დაწერეს ირაკლიზე, მარიამი გაოცებული მეკითხებოდა, რატომ წერს ხალხი ამას, დაჩაგრული რატომ გამოვედიო. მე ხალხისაც მესმის, ნორმალური რეაქცია ჰქონდათ, ვერ მიხვდნენ, რა ხდებოდა" - ამბობს მეგი ვიბლიანი.
ვრცლად წაიკითხეთ ambebi.ge-ზე