"ეჭვიანობის და შურისძიების ნიადაგზე მეუღლეს არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, რის შედეგადაც ქალი ადგილზე გარდაიცვალა" - ბოლნისში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის განაჩენი ცნობილია
რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ბოლნისში მომხდარი, გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით, მეუღლის (ნაზი ამბარცუმიანის) განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული (იოანე კაზაიანი) დამნაშავედ ცნო.
"სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წლის 26 სექტემბერს ბოლნისში ბრალდებულმა, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ეჭვიანობის და შურისძიების ნიადაგზე მეუღლეს არასრუწლოვანი შვილების თანდასწრებით დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 30 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალდება 11პრიმა,109-ე მუხლის „თ“, „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებით (გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით, ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობა) წარედგინა.
სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა" - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.