loader

"ვკითხე, გირტყამენ-მეთქი?.." - რა უთხრა რუსეთში უვადო პატიმრობამისჯილმა მებრძოლმა მამუკა გაწერელიამ დედას სატელეფონო საუბრისას და რა პირობა მისცეს უკრაინის ძალოვანმა უწყებებმა დალი ჩხეიძეს? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ვკითხე, გირტყამენ-მეთქი?.." - რა უთხრა რუსეთში უვადო პატიმრობამისჯილმა მებრძოლმა მამუკა გაწერელიამ დედას სატელეფონო საუბრისას და რა პირობა მისცეს უკრაინის ძალოვანმა უწყებებმა დალი ჩხეიძეს?

რუსეთში უვადო პატიმრობამისჯილი ქართველი მებრძოლის, 22 წლის მამუკა გაწერელიას ოჯახი უკრაინის და საქართველოს ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს.

მამუკა გაწერელიას დედა დალი ჩხეიძე Palitravideo-სთან საუბარში ამბობს, რომ უკანასკნელად შვილს 2022 წლის 27 სექტემბერს ესაუბრა. პატიმრის დედა ფიქრობს, რომ მის შვილს ციხეში ფიზიკურად გაუსწორდნენ.

დალი ჩხეიძე აღნიშნავს, რომ შვილზე ინფორმაციას ქართული არმიის თადარიგის ვიცე-პოლკოვნიკი, ამჟამად უკრაინის მოქალაქე გიორგი ქუფარაშვილი, პოლკ „აზოვის“ ინსტრუქტორი აწვდის.

"ბოლოს მამუკამ 2022 წლის 27 სექტემბერს დამირეკა. კარგად ვარო. ვკითხე, გირტყამენ-მეთქი? და მიპასუხა, ამას aხლა მნიშვნელობა არ აქვსო, თუმცა შევატყვე ხმაზე, რომ მაგარი გალახული იყო. მითხრა სამი დღეა დაკითხვაზე ვყავართო. ჩვენი ბოლო ინფორმაციით, ტყვეობაში ცუდად ყოფილა ფილტვების ანთებით. უმკურნალესო და ახლა ჯანმრთელად არისო. ეს რაც გვითხრეს, მას შემდეგ 6-7 თვე გავიდა. მასზე ჩვენ ინფორმაციას გიორგი ქუფარაშვილი გვაწვდის", - აცხადებს დალი ჩხეიძე.

დალი ჩხეიძის თქმით, ოჯახმა დასახმარებლად საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორი თვის წინ მიმართა განცხადებით, თუმცა განცხადებაზე პასუხი 4 დღის წინ მიიღო, სადაც აღნიშნულია, რომ განაცხადს განიხილავენ. რაც შეეხება უკრაინის ხელისუფლების მხრიდან დახმარებას, მამუკა გაწერელიას დედა Palitravideo-სთან აცხადებს, რომ მას დაუკავშირდნენ უკრაინის ძალოვანი უწყებები და უთხრეს, რომ ეცდებიან, მამუკა ტყვეებში გაცვალონ.

"მას შემდეგ, რაც მამუკას პატიმრობა შეეფარდა, ჯერჯერობით რუსეთის მხრიდან არანაირი ინფორმაცია არ მიმიღია. ორი თვის უკან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით მივმართე და ოთხი დღის უკან დამირეკეს, განიხილებაო. უკრაინის ხელისუფლებიდან დაგვიკავშირდნენ გუშინ და გვითხრეს, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გავცვალოთ მამუკაო", - აცხადებს დალი ჩხეიძე.

რუსეთში უვადო პატიმრობამისჯილი ქართველი მებრძოლის დედა ამბობს, რომ მისმა შვილმა უკრაინაში საბრძოლველად წასვლის გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო, თუმცა ამის შესახებ ოჯახმა იცოდა:

"ვიცოდი, რომ უკრაინაში მიდოდა. დახმარება უნდოდა მათი. ვერ აიტანა ამდენი დახოცილი ბავშვი."

შეგახსენებთ, რომ მამუკა გაწერელია ტყვედ 2022 წლის 20 მაისს, "აზოვსტალის" დატოვების დროს ჩავარდა. რუსეთმა ქართველ მებრძოლს, მამუკა გაწერელიას, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.

ავტორი: მარიამ გელაშვილი