რა ხდება ამ წუთებში ხულოში, სადაც საცხოვრებელი სახლების მიმდებარედ მეწყერი განვითარდა? - "მიწის დიდი მასაა ჩამოწოლილი... ევაკუირებულია 35 ოჯახი"
ხულოში, სოფელ ყინჩაურში, საცხოვრებელი სახლების მიმდებარედ, მეწყერი განვითარდა, ევაკუირებულია 35 ოჯახი. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ხულოს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
"სოფელ ყინჩაურში, საცხოვრებელი სახლების მიმდებარედ, მეწყერი განვითარდა.
მეწყრული პროცესები ღამის 2 საათიდან დაიწყო და მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მეწყრული კერის არეალში მცხოვრები ოჯახების გაყვანა დროულად მოხერხდა უსაფრთხო ადგილას. მეწყერმა დააზიანი სოფელ ყინჩაურში არსებული სამანქანე ხიდი და მიმდებარე ტერიტორია.
ამ დროისთვის აღნიშნულ მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია. მოძრაობის აღდგენის მიზნით მალე დაიწყება საჭირო ღონისძიებები.
მთელი ღამის განმავლობაში, ადგილზე იმყოფებოდნენ მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე, პირველი მოადგილე ნადიმ ვასაძე, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის, პოლიციისა და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები.
ამ დროისათვის, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სხვადასხვა სტიქიური კერიდან 35 ოჯახია გაყვანილი უსაფრთხო ადგილას.
მუნიციპალიტეტის მერია და ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობას აგრძელებს საგანგებო რეჟიმში. მერიაში 24-საათიან რეჟიმში მოქმედებს ცხელი ხაზი 551 00 52 72" - ნათქვამია ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის განხადებაში.
ვიდეოს ადგილობრივი ნუგზარ აგორგილაძე აქვეყნებს.
"ფაჩხის წყალი დააგუბა მეწყერმა და მოდის მდინარისკენ. დიდი მასაა ჩამოწოლილი" - წერს ნუგზარ აგორგილაძე.