"მისი კლასის ვაჟებიდან მარტო ის დამთანხმდა - დამთანხმდა თავმდაბლურად, მოკრძალებულად და კეთილშობილურად" - რას იხსენებს ავარიის დროს დაღუპული ახალგაზრდის მასწავლებელი?
"რამდენიმე წლის წინ, როცა კვალითის საჯარო სკოლაში დავიწყე მუშაობა, ტერენტი გრანელის პოეზიის საღამოს გამართვა გადავწყვიტე. სკოლის მოსწავლეთა კონტიგენტი დიდი არაა, ამიტომ ვიფიქრე, საშუალო საფეხურის ყველა მოსწავლე, რომელთაც სურვილი ექნებოდათ, ჩამერთო ღონისძიებაში.
მოგეხსენებათ, ამ დროს გოგონები უფრო აქტიურობენ, ვაჟებს თითქოს ეთაკილებათ, უარობენ... თან, თუ არც ასწავლი და არ გიცნობენ, ხომ თითქმის გამორიცხულია, დაგთანხმდნენ. მის კლასში რომ შევედი, მაშინვე მიიქცია ყურადღება - მაღალსა და ტანაშოლტილს ვარსკვლავივით უციმციმებდა თვალები, თავადაც პოეტს ჰგავდა რაღაცნაირად. ახლა ხმა - საოცარი ტემბრი, ინტონაციებსაც ისე მიგნებულად აკეთებდა.
მისი კლასის ვაჟებიდან მარტო ის დამთანხმდა - დამთანხმდა თავმდაბლურად, მოკრძალებულად და კეთილშობილურად... გამართულ საღამოზე მოწვეულმა უახლოესმა მეგობარმა განსაკუთრებით გამოჰყო, საოცარი ბავშვიაო და ვინაობა მკითხა. იშვიათად არიან ადამიანები, ყველა რომ აღფრთოვანებული საუბრობს მათზე და სანთლით რომ ეძებო, ცუდის მთქმელს წამლად ვერ უპოვი. აი, ასეთი იყო გიორგი, მე რომ ასე მომხიბლა ერთი აქტივობით და შემაყვარა თავი, წარმომიდგენია, რას გრძნობენ ის ჩემი კოლეგები, რომელთა თვალწინ გაიარა მისმა ბავშვობამ, მოზარდობამ და დავაჟკაცებამ. დღეს ყველამ კიდევ ერთხელ შევიგრძენით წუთისოფლის უსამართლობა და დაუნდობლობა. მტკივა გული, ძალიან მტკივა. ამ დროს ყველაზე მეტად ებღაუჭები რწმენას სასუფევლის შესახებ, რომელსაც აუცილებლად დაუმკვიდრებს მას უფალი. თუ არა შენ, აბა,სხვას ვის, გიორგი, ღიმილის ბიჭად დარჩენილო, სამარადჟამოდ" - წერს ავარიის დროს დაღუპული 19 წლის ახალგაზრდის მასწავლებელი.
ქუთაისი-ზესტაფონის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 19 წლის ბიჭი, გიორგი სოფრომაძე ემსხვერპლა. თვითმხილველების ინფორმაციით, შემთხვევა მდინარე ჭიშურასთან მოხდა.