loader

რა ხდებოდა დღეს მიხა ხელაშვილის საფლავთან - 25 იანვარი საქართველოს ეროვნული გმირის დაბადების დღეა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ხდებოდა დღეს მიხა ხელაშვილის საფლავთან - 25 იანვარი საქართველოს ეროვნული გმირის დაბადების დღეა

25 იანვარი საქართველოს ეროვნული გმირის, მიხა ხელაშვილის დაბადების დღეა.

მიხა ხელაშვილი 1900 წლის 25 იანვარს ფშავში, სოფელ ახადში დაიბადა. 1921 წელს, როდესაც საქართველომ დამოუკიდებლობა დაკარგა, მიხა ხელაშვილმა სასულიერო ცხოვრებას თავი დაანება, ანაფორა გაიხადა და შეფიცულთა რაზმს შეუერთდა. საბჭოთა საოკუპაციო რეჟიმს ქაქუცა ჩოლოყაშვილთან ერთად ებრძოდა.

აჯანყებაში დამარცხების შემდეგ, ქაქუცა ჩოლოყაშვილმა მიხა ხელაშვილს საფრანგეთში წასვლა შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო. ხელაშვილი სამშობლოში დარჩა და პარტიზანული ბრძოლა გააგრძელა, რის გამოც მას დედა მოუკლეს. მიუხედავად იმისა, რომ დიდ რისკთან იყო დაკავშირებული, მიხა ხელაშვილი დედის პანაშვიდზე მივიდა, თუმცა თავის დაცვის მიზნით ჩოხაზე ასაფეთქებლები დაიმაგრა.

მიხა ხელაშვილის ყველაზე ცნობილი ლექსია "ლექსო ამოგთქომ, ოხერო", რომელიც ძალიან დიდხანს საქართველოში ხალხურ ლექსად ითვლებოდა. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, 1990-იან წლებში, ლექსის ავტორად პირველად მიუთითეს მიხა ხელაშვილი. ქართველი გმირის ლექსებს, მისი მეგობრები ინახავდნენ.

ერთ-ერთი ვერსიით, 1925 წლის 25 იანვარს, მიხა ხელაშვილი თავის 25-ე დაბადების დღეზე ტყიდან გამოვიდა და მეგობრებთან, ლევან გარსევანიშვილთან, ლუკა მარცვალაშვილთან და ვახტანგ რაზიკაშვილთან მივიდა სტუმრად. ეს უკანასკნელი ვაჟა-ფშაველას გერი იყო, ადამიანი, რომელმაც მიხა ხელაშვილი მოატყუა, სადილში ძილის წამალი ჩაუყარა. მძინარე გმირი კი თავლაში თავისივე მეგობრებმა მოკლეს. მეორე ვერსიით კი, დაიღუპა დუშეთის მილიციის რაზმთან შეტაკების დროს.

2022 წლის 9 აპრილს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მიხა ხელაშვილს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა.

ვიდეო: ადამ ბექაური