loader

კეკელიძის ქუჩაზე მდებარე სახლის ნაცვლად ახალი მესაკუთრე მარინე ხატიაშვილს სთავაზობს ქავთარაძის ქუჩაზე გარემონტებულ კეთილმოწყობილ სახლს - ადვოკატის განცხადება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კეკელიძის ქუჩაზე მდებარე სახლის ნაცვლად ახალი მესაკუთრე მარინე ხატიაშვილს სთავაზობს ქავთარაძის ქუჩაზე გარემონტებულ კეთილმოწყობილ სახლს - ადვოკატის განცხადება

კეკელიძის ქუჩაზე დღეს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საცხოვრებელი ბინის ახალი მესაკუთრის ადვოკატი გიორგი სუხიტაშვილი სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც ადვოკატი ამბობს, ახალი მესაკუთრე გამოსახლებულ ოჯახს კეკელიძის ქუჩაზე მდებარე სახლის ნაცვლად, ქავთარაძის ქუჩაზე გარემონტებულ, კეთილმოწყობილ სახლს სთავაზობს.

"საჭიროდ ვთვლით საზოგადოებას მივაწოდოთ სრული და ამომწურავი ინფორმაცია კეკელიძის ქუჩაზე დღეს ჩატარებული იძულებითი აღსრულების, ე.წ. გამოსახლების შესახებ.

ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა ქალბატონმა დარეჯან დვალმა ზ.აღნიშნული ბინა საჯარო აუქციონზე შეიძინა 2018 წლის 19 თებერვალს. აღსანიშნავია, რომ დარეჯან დვალს წინა მესაკუთრის, მარინე ხატიაშვილის მიერ კერძო იპოთეკარისგან ნასესხები თანხა, 15000 აშშ დოლარი გადმოჰყვა ვალდებულის სახით, რომელიც მან დამატებით გადაიხადა იმავე წლის მარტის თვეში.

აღნიშნულის შემდგომ ვინაიდან მარინე ხატიაშვილი ყოველგვარ მოლაპარაკებაზე სასტიკ უარს გვიცხადებდა, მივმართეთ სასამართლოს მისი გამოსახლების და კანონიერი მესაკუთრისთვის სახლის თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემის მოთხოვნით.

მოცემული პერიოდიდან დღევანდელ დღემდე დარეჯან დვალის და ასევე ჩემი, როგორც მისი ადვოკატის მიმართ გამუდმებით მიმდინარეობდა ფსიქოლოგიური და მორალური ტერორი და მუქარა მარინე ხატიაშვილის და მისი ე.წ. დამცველების მხრიდან, საზოგადოებას გამუდმებით აწვდიდნენ ყალბ ინფორმაციებს, თითქოსდა მარინე ხატიაშვილს გადახდილი ჰქონდა თანხები დარეჯან დვალისთვის, თითქოს ის უსახლკაროდ რჩებოდა და ზ.აღნიშნული ბინა ვითომ წარმოადგენდა მის უკანასკნელ საცხოვრისს, რაც არის მცდარი ინფორმაცია.

2018 წლიდან დღემდე, აღსრულების ბიუროს მიერ 5ჯერ მოხდა გამოსახლების გადადება და გადავადება. ჩვენ მიერ საბოლოო შეთავაზებას წარმოადგენდა მარინე ხატიაშვილისთვის იმ პირობით, რომ ის ნებაყოფლობით გამოვიდოდა ბინიდან, მაშინ დარეჯან დვალი მას საკუთრებაში ჩუქების სახით აძლევდა თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე მდებარე გარემონტებულ, კეთილმოწყობილ საცხოვრებელ სახლს, რაზედაც მან კვლავ უარი განაცხადა.და ბოლოს ჩვენ მიერ კიდევ ერთხელ ხდება კეთილი ნების გამოვლენა და მარინე ხატიაშვილს ვთავაზობთ ზ.აღნიშნული სახლის ჩუქების საფუძველზე საკუთრებაში გადაცემას, იმ პირობით, თუკი ის აიღებს პასუხისმგებლობას, რომ ის და მისი დამცველები მოგვცემენ პირობას, რომ სამომავლოდ არავითარი დაპირისპირება მხარეებს შორის აღარ იქნება." - წერს ადვოკატი.

ცნობისთვის, თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე მდებარე ბინიდან ერთ-ერთი ოჯახი გამოასახლეს. აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები ბინაში შესვლას დილიდან ცდილობდნენ. ბინის მეპატრონესა და სამოქალაქო აქტივისტებს შესასვლელი კარი შედუღებული ჰქონდათ, რის გამოც სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებს კარის გაჭრა მოუწიათ. დილიდან კეკელიძის ქუჩა გადაკეტილი ჰქონდათ ოჯახის მხარდამჭერებს, რომლებიც აქციას მართავენ.

დღის განმავლობაში კეკელიძის ქუჩაზე, დაახლოებით, 20-მდე მოქალაქე ადმინისტრაციული წესით დააკავეს. ასევე, რამდენიმე მოქალაქემ აღსრულების პოლიციის ავტომობილი დააზიანა. სამართალდამცველებმა აღნიშნული პირები დააკავეს. ამასთან, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე მდებარე ბინიდან გამოსახლების პროცესთან დაკავშირებით განცხადებაც გაავრცელა.