loader

"ხაჭაპურს გააჩნია, სად მიირთმევთ, თორემ თბილისშიცაა ხაჭაპური 55 ლარად... ევროპაში ფასები, მინიმუმ, ორმაგია" - ჰოტელიერი მაია მურაჩაშვილი გუდაურში ტურისტულ და კვების ობიექტებში არსებული ფასების შესახებ ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ხაჭაპურს გააჩნია, სად მიირთმევთ, თორემ თბილისშიცაა ხაჭაპური 55 ლარად... ევროპაში ფასები, მინიმუმ, ორმაგია" - ჰოტელიერი მაია მურაჩაშვილი გუდაურში ტურისტულ და კვების ობიექტებში არსებული ფასების შესახებ ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურება

"გუდაურთან დაკავშირებული ვნებათაღელვის გამო ცოტა სიცხადეს შევიტან, რადგან ვინც რამეს წერს და აკომენტარებს, იმათგან განსხვავებით, 5 წელია ზამთრის გუდაურში ვცხოვრობ" - ამის შესახებ ჰოტელიერი, "იბერია ტურს პლუსის" დამფუძნებელი მაია მურაჩაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, გუდაური ცარიელი არ არის და მეტიც, იმაზე მეტად სავსეა, ვიდრე წინა წელს.

"გუდაურთან დაკავშირებული ვნებათაღელვის გამო ცოტა სიცხადეს შევიტან, რადგან ვინც რამეს წერს და აკომენტარებს, იმათგან განსხვავებით, 5 წელია ზამთრის გუდაურში ვცხოვრობ.

გუდაური ცარიელია - არა, ბატონებო, ცარიელი არაა და იმაზე მეტად სავსეა, ვიდრე წინა წელს. მაგალითისთვის გეტყვით: 27.12.2023-დან 6.01.2024-მდე გუდაურის თითქმის ყველა სასტუმრო გაყიდული იყო, თან უფრო მაღალ ფასად, ვიდრე შარშან (ფასების და ადგილების ანალიტიკას ფასწარმოქმნისთვის ვაკეთებ ყოველდღე და ნუ შემეკამათებით, ვიცი).

იანვრის 7-დან იანვრის 20-25-მდე ზამთრის კურორტებს დაბალი სეზონი აქვს, ცოტა ხალხია და ფასიც დაბალი. ეს უკვე წლებია ასეა და წელს რამე საოცრება არ მომხდარა, ტრადიციულად დაბალ სეზონზე გადავედით. თუმცა უკვე დაიწყო შევსება...

რუსი ტურისტი ჭარბობს - წელს სპეციალურად ვაწარმოებ სტატისტიკას ქვეყნების და მინდა გითხრათ, რომ არაბთა ემირატები ჭარბობს. მაგას მოჰყვება: დასავლეთი ევროპა (გერმანია, დანია, კვიპროსი, საფრანგეთი, ჰოლანდია), შემდეგ აღმოსავლეთი ევროპა (ლიეტუვა, ლატვია, პოლონეთი), შემდეგ ადგილობრივი ქართველი დამსვენებელი, შემდეგ რუსეთი და ბელარუსი, და ბოლოს ყაზახეთი, ინდოეთი, უკრაინა, ჩინეთი, ბაჰრეინი (ესაა დეკემბერ-იანვრის სტატისტიკა ჩემს და რამდენიმე მეგობარ სასტუმროში). თებერვალში სურათი შეიცვლება.

ხაჭაპური ღირს 45 ლარი. წავიდეთ ევროპებში, ხალხო - გუდაურში დადიხართ საერთოდ? ზამთრის სასრიალო ეკიპირება რომ იყიდოთ საკუთარი, უკეთეს შემთხვევაში 2 000 ლარი მაინც გჭირდებათ. რომ იქირაოთ - 80-100 ლარი ჯდება. სადმე თბილისის ბარში კოქტეილში იხდით 35 ლარს და ნწ ნწ ნწ, 15 ლარი როგორ შემოგბედეს გლინტვეინში.

ხაჭაპურს გააჩნია, სად მიირთმევთ, თორემ თბილისშიცაა ხაჭაპური 55 ლარად... თუ არ სრიალებთ და გასეირნება გინდათ, ბაკურიანი უფრო ლამაზიცაა და იაფიც.

დავტოვოთ გუდაური მაღალმხარჯველი ტურისტებისთვის. ფული შეგვაქვს სახელმწიფო ბიუჯეტში, რაც თქვენს შემოსავლებზეც აისახება ირიბად, ნელ-ნელა. მოვუწოდოთ, სხვა ქვეყანაში დავხარჯოთ ფული, ვიდრე საკუთარ ქვეყანაში, მარტივად რომ ვთქვა, არც სწორია, არც პატრიოტული.

პ.ს. ნებისმიერ ზამთრის კურორტის ფასს რომ გადახედოთ ევროპაში, სანამ ქირქილს დაიწყებთ, ნახავთ, რომ ფასი მინიმუმ ორმაგია, და ხარისხზე ნუ შემეკამათებით. ერთი და იგივე სტანდარტის სასტუმროებს თუ შევადარებთ, ჩვენთან გაცილებით თბილი, მოწესრიგებული, სუფთა და მაღალხარისხიანია" - წერს მაია მურაჩაშვილი.