"ყველამ საკუთარ საქმეს მიხედოს...“ - ოსიმენის აგენტი მამუკა ჯუღელის განცხადებას ეხმაურება
ხვიჩა კვარაცხელიას აგენტის, მამუკა ჯუღელის ინტერვიუს ვიქტორ ოსიმენის აგენტი, რობერტო კალენდაც გამოეხმაურა. კალენდას თქმით, ჯუღელის სიტყვები ცუდი, ზედაპირული და მიუღებელია.
„ყველამ საკუთარ საქმეს უნდა მიხედოს და სხვების საქმეს პატივი სცეს. არ არის სწორი სხვა ფეხბურთელების მომავალზე საუბარი. ეს გაუგებრობას, პრობლემებსა და არასწორ ვარაუდებს ქმნის. მამუკა ჯუღელის სიტყვები ცუდი, ზედაპირული და მიუღებელია. ეს სიტყვები ჩემს ფეხბურთელს, ვიქტორ ოსიმენს ნაპოლის გულშემატკივრებთან, უსაფუძვლო პრობლემებს შეუქმნის. კლუბთან კონტრაქტი ახლახანს გავახანგრძლივეთ და ჩვენი სურვილი, აფრიკის ერთა თასის მოგებასთან ერთად, ნაპოლისთვის დახმარების გაწევაა. სხვა ყველაფერი სისულელეა“, - წერს კალენდა.
მამუკა ჯუღელმა პირველ არხთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ნიგერიელი ფორვარდი ზაფხულში საუდის არაბეთში სათამაშოდ გადავა, კვარაცხელიას კი "განსხვავებული ტვინი" აქვს და საუდის არაბეთში, მილიარდი რომ მისცენ, მაინც არ ითამაშებს.
კვარაცხელიას აგენტის სიტყვებს თავად ვიქტორ ოსიმენიც გამოეხმაურა და ჯუღელს ამაზრზენი უწოდა.