პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია 14 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს და 14 პირი დააკავეს.
ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს თანამშრომლებმა 1979 წელს დაბადებული გ.წ.-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად, პისტოლეტები და 55 ვაზნა ამოიღეს.
ამავე დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა კი წარსულში ნასამართლევი 2 პირი: 1980 წელს დაბადებული დ.ქ. და ამავე წელს დაბადებული მ.გ. სხვადასხვა დროს დააკავეს. სამართალდამცველებმა დ.ქ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, რევოლვერი, 68 ვაზნა და მჭიდი ამოიღეს. მ.გ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად კი ნივთმტკიცებად ამოღებულია პისტოლეტი და მჭიდი."