"მშობლები რომ წერენ ჩათებში: გოგოებო, რა ვქნათ ამ საახალწლოდ? რამდენს ვაგროვებთ? სუნამო სჯობს თუ ჭურჭელი? მოდი, კონვერტით თანხა ვაჩუქოთ და ა.შ. - იმის თქმას, რომ ეს კოლექტიური სიგოიმე დაასრულეთ-მეთქი, აზრი მაინც არ აქვს..." - რას წერს ორგანიზაცია “მშობლები განათლებისთვის” აღმასრულებელი დირექტორი?
ორგანიზაციის “მშობლები განათლებისთვის” აღმასრულებელი დირექტორი მეგი კავთუაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
"ის დროა, მშობლები რომ წერენ ხოლმე ჩათებში: გოგოებო, რა ვქნათ ამ საახალწლოდ? რამდენს ვაგროვებთ საჩუქრისთვის? ვის ვურიცხავთ? სუნამო სჯობს თუ ჭურჭელი? ან იქნებ ვაუჩერი? მოდი, კონვერტით თანხა ვაჩუქოთ, თვითონ აარჩევს და ა.შ.
ჰოდა, იმის თქმას, რომ ეს კოლექტიური სიგოიმე დაასრულეთ-მეთქი, აზრი მაინც არ აქვს და მაგ შეგროვებული ფულით ერთი ფერადი პრინტერი ან პატარა პროექტორი აჩუქეთ მასწავლებელს. ისიც დაისვენებს, ბავშვებსაც გამოადგებათ და თქვენც კმაყოფილი იქნებით, პრაქტიკული საჩუქარი გამოგივათ. ან კლასის ბიბლიოთეკა მოაწყვეთ, ან რამე ისეთი ქენით, ამ საუკუნეს და ევროპის კანდიდატ ქვეყანას რომ შეეფერება.
პ.ს. ეს პოსტი იმაზე არ არის, რომ ყველა ადამიანს აქვს მადლიერების გამოხატვის უფლება. არც იმაზე, რომ ჩვენი შვილების საყვარელი ადამიანების გახარება ჩვენც გვსიამოვნებს. ეს პოსტი არის ტრადიციულ, ფესვგამდგარ მეტიჩრობაზე და ფასადურად ქცეულ ვითომ მადლიერებაზე, რომელშიც უმრავლესობა მხოლოდ იმიტომ მონაწილეობს, რომ ერთი-ორი ინიციატორისთვის უარის თქმას სხვადასხვა მიზეზით ერიდება. აქვე თხოვნა: პირადში ნუ მომწერთ, სად რა ხდება. რასაც არ ეთანხმებით, ნუ მიიღებთ მონაწილეობას და ამით დასრულდება. არც არავინ დაგჩაგრავთ და არც არავინ დაგაბულინგებთ. მთავარია, თქვენ არ გქონდეთ ეგ მოლოდინი." - წერს მეგი კავთუაშვილი.