"2012 წლიდან შეიცვალა მთავარი: სწავლა ისევ აღარ არის პრესტიჟული" - მიხეილ სააკაშვილი
"საქართველო კატასტროფულად დაეშვა სასკოლო განათლების მსოფლიო რეიტინგში", - ამის შესახებ განცხადება საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.
მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ სასკოლო განათლების მსოფლიო რეიტინგში საქართველოს ჩამორჩენა მასწავლებელთა გადამზადების პროგრამების შეჩერების შედეგია, რომელიც მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს ხორციელდებოდა.
მიხეილ სააკაშვილი დასძენს, რომ მას აქვს გეგმა, როგორ უნდა განხორციელდეს განათლების ფუნდამენტური რეფორმები.
"საქართველო კატასტროფულად დაეშვა სასკოლო განათლების მსოფლიო რეიტინგში. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვიღებთ პრაქტიკულად უსწავლელ ახალ თაობას. ეს არის მასწავლებელთა გადამზადების იმ პროგრამის შეჩერების პირდაპირი შედეგი, რომელსაც ჩვენ ვახორციელებდით.
2012 წლიდან შეიცვალა მთავარი რამ - სწავლა ისევ აღარ არის პრესტიჟული. ბავშვები უყურებენ, რომ ცხოვრებაში სულ სხვა კრიტერიუმებია საჭირო წარმატების მისაღწევად - ნათესაური კავშირები, ჩალიჩი, ეშმაკობა, კრიმინალი, მაგრამ განათლება ამ ჩამონათვალში, ბუნებრივია, არ შედის.
პირველი მთავარი რეფორმა, რომელიც ხელისუფლების ცვლილების შემდეგ უნდა გატარდეს, არის განათლების ფუნდამენტური რეფორმა. მე მაქვს ჩემი აბსოლუტურად ზუსტი ხედვა, თუ როგორ უნდა მოვახდინოთ არსებული ჭაობიდან განათლების სისტემის გამოყვანა, მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლება და წახალისება, მოსწავლეებში ინტერესის გაძლიერება და ახალი სტიმულების შემოღება, მაღალხელფასიანი სამუშაო ადგილების მოპოვებაზე მორგებული განათლების დანერგვა", - წერს მიხეილ სააკაშვილი.