"ვილანძღები პირადად მე... მინდა ვთხოვო ვიცე-მერს, დაიბაროს ამ კომპანიის წარმომადგენლები" - რა განაცხადა კახა კალაძემ ილიას ბაღის შესახებ?
„ძალიან ბევრი წერილია შემოსული ილიას ბაღთან დაკავშირებით. ილიას ბაღის ტერიტორია 2011 წლის 7 ივლისს, მართვის უფლებით, 49 წლის ვადით გადაეცა შპს „ბიზნეს ცენტრ მოზაიკას“. ხელშეკრულებაში ჩადებულია ვალდებულება, რომ უნდა მოხდეს ტერიტორიის მოწესრიგება, მოვლა-პატრონობა, რათა ადამიანებს ჰქონდეთ შესაძლებლობა დასვენების, ბავშვების ატრაქციონებზე მიყვანის, ანუ არაფერი განსაკუთრებული.
უამრავი წერილი მოდის მოსახლეობიდან და ადამიანებს ჰგონიათ, რომ ეს არის ჩვენი საკუთრება და მერია არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ აღნიშნული სივრცე მოაწესრიგოს. მმართველი კომპანია ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ვალდებულია, მუდმივად უზრუნველყოს პარკის მოვლა-კეთილმოწყობა, პარკის ტერიტორიაზე არსებული შენობა-ნაგებობების აღდგენა და რეაბილიტაცია, ასევე, გასართობი ატრაქციონების პერიოდულად განახლება და მათი უსაფრთხო ფუნქციონირება.
სამწუხაროა, რომ მმართველი კომპანია უხეშად არღვევს ბაღის მოვლა-პატრონობისა და სხვა სახელშეკრულებო ვალდებულებებს. ამ დროს ვილანძღები პირადად მე, ილანძღებიან ჩემი თანამშრომლები, რომ თითქოს ჩვენ არაფერს ვაკეთებთ აღნიშნული ტერიტორიის მოსაწესრიგებლად. მინდა, ვთხოვო ვიცე-მერს, დაიბაროს აღნიშნული კომპანიის წარმომადგენლები“, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.