"ძალიან მძიმე მდგომარეობაა" - კახა კალაძის თქმით, მომავალი წლიდან რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება
თბილისის მერია მომავალი წლიდან რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოებს იწყებს, რომელიც რამდენიმე ეტაპად განხორციელდება.
როგორც კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განმარტა, სარეაბილიტაციო სამუშაოები 2 წელზე მეტხანს გაგრძელდება.
„თბილისის მერიის ინიციატივით, „თბილისის განვითარების ფონდი“ მომდევნო წლიდან იწყებს რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რომელიც რამდენიმე ეტაპად დაიყოფა. პირველი, რაც გაკეთდება, ეს არის არსებული შენობა-ნაგებობების მოწესრიგება. ძალიან მძიმე მდგომარეობა არის. რასაც გავაკეთებთ, ეს არის არსებული შენობების დაზიანებული სახურავები, ფასადები, წყალსაწრეტი ღარები, კონსტრუქციული ნაწილები, იმიტომ, რომ არის ისეთი შენობები, რომლებიც გამაგრებით სამუშაოებს საჭიროებს. მოეწყობა თანამედროვე სტანდარტების მხატვრულ-დეკორატიული მინათება. მოწესრიგდება ფასადზე ქაოსურად არსებული კომუნიკაციების ქსელები. გვინდა, რომ პირველ ეტაპზე ეს სამუშაოები განხორციელდეს - არსებული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაცია, გამაგრებითი სამუშაოები. არის ასევე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, რომლებსაც სპეციალური დამუშავება და შესაბამისი ექსპერტების ჩართულობა სჭირდება“, -განაცხადა კალაძემ. როგორც თბილისის მერმა განმარტა, ბოლო ეტაპი იქნება საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება თავისი მიწისქვეშა კომუნიკაციებით.