კლინიკიდან გაქცეული სამივე პატიმარი დაკავებულია - "ერთი პატიმარი სახლში მივიდა, დანარჩენ 2-ს კი წილკანში მიაგნეს"
"ავერსის" კლინიკიდან გაქცეული სამივე პატიმარი უკვე დაკავებულია. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე სოციალურ ქსელში წერს.
"სამივე დამნაშავე დაკავებულია! შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მჭიდრო კოორდინაციით ძებნის ღონისძიება წარმატებით დასრულდა.
მადლობა ჩემს მეგობარს, შინაგან საქმეთა ღირსეულ მინისტრს ვახტანგ გომელაურს და პოლიციას დიდი მხარდაჭერისთვის. მადლობა ჩვენს თანამშრომლებს, რომლებმაც პოლიციასთან ერთად ყველა საჭირო ღონისძიება მაღალი პროფესიონალიზმით განახორციელეს და დაიცვეს ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება.
დამნაშავეებს მიესჯებათ შესაბამისი სასჯელი. მადლობა ყველას, ვინც წარმატება გვისურვა.
ეს არასრული 24-საათიანი ისტორია გაკვეთილი უნდა იყოს ყველასთვის, ვინც საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული სამართალდამცავი სისტემის წინააღმდეგ უკანონო ნაბიჯების გადადგმაზე გაიფიქრებს" - წერს ბრეგაძე.
AMBEBI.GE-ის ცნობით, ერთი დაკავებული არასრულწლოვანი კლინიკიდან გაქცევის შემდეგ სახლში მივიდა, დანარჩენი ორის კვალს კი სამართალდამცველებმა წილკანში მიაგნეს.
ცნობისთვის, "ავერსის" კლინიკიდან 3 პატიმარი 1-ელ ნოემბერს დაახლოებით, 13:00 საათზე გაიქცა. კლინიკის ცნობით, პატიმრები კლინიკაში სამედიცინო კვლევაზე ჰყავდათ მიყვანილი.