"რამე რომ შემასხას, თავში რომ ჩამარტყას ან ვინმეს რაღაცა დაუშავოს... ვიცით, ვინ არის საერთოდ?!" - ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ რუსეთის მოქალაქე, რომელზეც ერთი თვის წინ შსს-მ შემაკავებელი ორდერი გამოწერა მასზე ადევნებისთვის, კვლავ პარლამენტთან დახვდა
პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ რუსეთის მოქალაქე, რომელსაც მისი ადევნების გამო შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი, დღეს საქართველოს პარლამენტის შენობაში დახვდა, რის შემდეგაც მან პოლიცია გამოიძახა.
როგორც დეკანოიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, საქმის შესწავლა დაიწყო.
„ერთი თვის წინ პარლამენტთან მხვდებოდა ვიღაც ადამიანი, რომელიც საეჭვოდ იქცეოდა, რაღაცებს მეძახდა. ეს სამი დღე გრძელდებოდა. შემდეგ პოლიციას რომ გამოვუძახე, შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს. რუსეთის მოქალაქეა. ახლა ქვეყნიდან წასულა, მერე ჩამოვიდა ისევ. შიგნით, პარლამენტის შენობაში უშვებენ რუსეთის მოქალაქეს, რომელსაც საქართველოს პარლამენტის წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი. რა ვთქვა, არ ვიცი. ამ ქვეყანაში... რამე რომ შემასხას, თავში რომ ჩამარტყას ან ვინმეს რაღაცა დაუშავოს... ვიცით, ვინ არის საერთოდ?!
დღეს დამხვდა პარლამენტის შენობაში, შიგნით. იქვე პოლიციას გამოვუძახე. პოლიციამ, გავარკვევთო და დაიწყეს შესწავლა. მე შეხვედრაზე ვარ, მაგრამ იმედია, მეტყვიან, რა უქნეს ამ კაცს. წესით, უნდა დააკავონ, არ ვიცი“, - განაცხადა დეკანოიძემ.