ვინ იყო ქართველი მამაკაცი, რომელიც აშშ-ში ქართველმა მოკლა - რა მოხდა ბრუკლინში და რას წერს მკვლელობაზე ადგილობრივი მედია?
ნიუ-იორკში გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე, რომელიც დაახლოებით ორი კვირის წინ ასევე ქართველმა შელაპარაკებისას დაჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული პრესა ავრცელებს.
43 წლის მამუკა ყულოშვილსა და მის მეგობარს, გიორგი ხაჯალიას შორის კონფლიქტი მათივე საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ, ბრუკლინში მოხდა.
მეზობლების ცნობით, ემიგრანტები მეგობრები იყვნენ და ხშირად იკრიბებოდნენ. სწორედ ერთ-ერთი ასეთი შეკრებისას მათ შორის შელაპარაკება მოხდა, რა დროსაც ხაჯალიამ მას ცივი იარაღით 15-მდე ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი ყულოშვილი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანით კლინიკაში გადაიყვანეს, მომხდარიდან ორი კვირის შემდეგ, კი მამაკაცი გარდაიცვალა.
სავარაუდო დამნაშავე დაკავებულია. პოლიციამ ხაჯალია მკვლელობის, მუქარისა და თავდასხმის ბრალდებით დააკავა. მეზობლები მედიასთან ჰყვებიან, რომ მამაკაცებს შორის ხშირად იყო კონფლიქტი.მათივე ცნობით, არც მოკლულს და არც სავარაუდო მკვლელს მანამდე კანონთან პრობლემები არ ჰქონიათ.