ფარული კადრები - უპრეცედენტო თაღლითობა თბილისში: მითვისებულია 2 მილიონ ლარზე მეტი, დაკავებულია 5-კაციანი ჯგუფის ერთ-ერთი ლიდერი ქალი - რას ჰყვებიან დაზარალებულები?
თათია ხვადაგიანი ერთ-ერთი დაზარალებულია იმ უძრავი ქონების აგენტების თაღლითური სქემის, რომელმაც უბინაოდ, ქუჩაში, 160-მდე ოჯახი დატოვა.
თათიას ინფორმაციით, უძრავი ქონების აგენტები ბინას ჯერ ქირაობდნენ და შემდეგ აგირავებდნენ, მეტი დამაჯერებლობისთვის კი დამგირავებლები ნოტარიუსთან მიჰყავდათ, სადაც გირავნობის ნაცვლად სესხის ხელშეკრულებას აფორმებდნენ. დღეს თათია ქმართან და ორ შვილთან ერთად იმავე ბინაში ცხოვრობს, ოღონდ ამჯერად ბინის რეალურ მეპატრონეს 900 ლარს უხდის.
ფარულ ჩანაწერში, რომელიც "ნოდარ მელაძის შაბათის ეთერმა" რამდენიმე თვის წინ მოიპოვა, თაღლითური დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი ანი სოფრომაძე ჩანს, რომელიც ციხეში წასვლით ემუქრება სხვებს. რამდენიმე დღის წინ სწორედ მას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
სიუჟეტი 2023 წლის 26 სექტემბერს გამოქვეყნდა