უმძიმესი კადრები ლიბიიდან - “ცხედრები ყველგანაა: სახლებში, ქუჩებში, ზღვაში; სადაც უნდა წახვიდეთ, იპოვით გარდაცვლილ მამაკაცებს, ქალებს და ბავშვებს“
ქარიშხალ "დანიელის“ გამო გამოწვეული წყალდიდობის შედეგად განადგურებულ ლიბიის ქალაქ დერნაში მაშველები ცხედრებისთვის სპეციალურ ტომრებს ითხოვენ.
"გვჭირდება გუნდები, რომლებიც სპეციალიზებული არიან ცხედრების ამოსვენებაში. ვშიშობ, რომ ქალაქი დაინფიცირდება ეპიდემიით ნანგრევებსა და წყალში დიდი რაოდენობის ცხედრების არსებობის გამო“, - განაცხადა დერნას მერმა აბდულმენამ ალ-გაითიმ.
მანამდე აღმოსავლეთ ლიბიის სამოქალაქო ავიაციის მინისტრმა განაცხადა, რომ ზღვიდან მუდმივად ირიყება ათობით ცხედარი და ბევრი მათგანი იდენტიფიცირებისთვის უკვე გადასვენებულია.
"ცხედრები ყველგანაა: სახლებში, ქუჩებში, ზღვაში. სადაც უნდა წახვიდეთ, იპოვით გარდაცვლილ მამაკაცებს, ქალებს და ბავშვებს“, - განაცხადა ბენღაზის ჰუმანიტარული დახმარების სამსახურის თანამშრომელმა ემად ალ-ფალახმა მედიასთან საუბრისას.
CNN-ის ინფორმაციით, დაკარგულად ითვლება მინიმუმ 10 000 ადამიანი, ხოლო 30 000 ადამიანი იძულებით გადაადგილებული პირია.
ძლიერმა წვიმებმა ჩრდილო-აღმოსავლეთ ლიბიაში 2 კაშხლის ჩამონგრევა გამოიწვია. ჩამოინგრა მრავალსართულიანი საცხოვრებელი შენობები და განადგურდა ინფრასტრუქტურა.