"შემზარავი ამბავი დაგვატეხეს დღეს თავს... მძიმე სტატუსს გაკითხებთ და წინასწარ გიხდით ბოდიშს, თუ გადავაჭარბებ, მაგრამ გთხოვთ, ყველამ წაიკითხეთ" - მშობლის ინფორმაციით, ილიას უნივერსიტეტის ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრი იხურება
გაუფრთხილებლად, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე ვიგებთ, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრი იხურება - ასზე მეტ აუტისტ ბავშვს ტოვებენ თერაპიების გარეშე, - ამის შესახებ მშობელი გვანცა გულიაშვილი სოციალურ სქელში წერს.
როგორც ის აღნიშნავს, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად, ილიას უნივერსიტეტის მთავარი კორპუსის დანგრევას აპირებენ, რის შედეგადაც, ბავშვებს და მოზარდებს სასიცოცხლო მნიშვნელობის ქცევითი თერაპიები უწყდებათ.
"მეგობრებო, მძიმე სტატუსს გაკითხებთ და წინასწარ გიხდით ბოდიშს, თუ გადავაჭარბებ, მაგრამ გთხოვთ, ყველამ წაიკითხეთ და გააზიარეთ.
შემზარავი ამბავი დაგვატეხეს დღეს თავს ილიას ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრის ბენეფიციარებს. გაუფრთხილებლად, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, ორი საათის წინ ვიგებთ, რომ ცენტრი იხურება. სამხარაულმა მოითხოვა მთელი შენობის, საუბარია ილიას უნივერსიტეტის მთავარ კორპუსზე, დანგრევა! უნდა დაინგრესო, ხალხო. ამას გვიცხადებენ სწავლის დაწყების წინა დღეს და ასზე მეტ აუტისტ ბავშვს ტოვებენ თერაპიების გარეშე. აგიხსნით, ეს რას ნიშნავს: დიაბეტის მქონე ადამიანისთვის ინსულინის შეწყვეტას, მართვით სუნთქვაზე მყოფისთვის აპარატის გათიშვას, თირკმლის უკმარისობის მქონესთვის დიალეზის არგაკეთებას, ანუ სასიცოცხლო მნიშვნელობის ქცევით თერაპიებს უწყვეტენ ბავშვებს და მოზარდებს, რომლებსაც ამ თერაპიების გარეშე წაერთმევათ სიმწრით გამომუშავებული ყველა სოციალური, ყოფითი, კვებითი, ქცევითი, აკადემიური უნარი! ისინი ამ თერაპიების გარეშე აღმოჩნდებიან საკუთარ მდგომარეობასთან პირისპირ სრულიად უძლურები, მშობლების ანაბარა, რომლებისთვისაც წარმოუდგენელია თავი გაართვან ამ ყველაფერს. აქ აღარაფერს დავწერ მათი უმეტესობის უკიდურეს სიდუხჭირეზე.
მე ვიცი, რომ დედები ხვალიდან მოვიკრებთ ძალას და ყველაფრის ფასად, ყველაფრის, შევეცდებით, ჩვენი შვილებისთვის ასე მხეცურად წაგლეჯილი და პრინციპში, ერთადერთი სოციალური სივრცე მოვიპოვოთ. ვიცი, რომ დავიგლეჯთ უკანასკნელ ნერვს, გავათენებთ ღამეებს, როგორც ეს უკვე არაერთხელ მოუწიათ ამ დამპალ სახელმწიფოში სხვადასხვა პრობლემის მქონე შვილების დედებს, მაგრამ ყველას გთხოვთ, ნუ შეგვატოვებთ ამ გაუგონარ სიველურეს, ვანდალიზმს, ზიზღს, ბოროტებას მარტო დედებს, ჩვენ, თუნდაც ყველაფრისშემძლეებივით აღქმულები, ერთ დღეს უბრალოდ ქანცში გავწყდებით. მიაწვდინეთ ხმა ყველას, დაგვიდექით მხარში. ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც შეუძლია და შეძლო ყველაზე დაუცველი ადამიანების გათელვა. ამის იქით თქვენთვის მომინდია იმის წარმოდგენა, რა შეიძლება მოხდეს" - წერს გულიაშვილი.