“ბოლოს და ბოლოს გიპოვეს; ვიპოვეთ შენი სუნთქვაშეკრული სხეული და „ბედნიერები“ ვართ... მიყვარხარ, შვილო“ - შოვში დაღუპული მოზარდის მამის სულისშემძვრელი წერილი
32-ე ცხედარი, რომელიც მაშველებმა რაჭაში, სტიქიის ზონაში იპოვეს, ზაზა მესხის მეუღლის, ალინა პოლიკოვსკას შვილს ეკუთვნის.
ბიჭის მამა იაროსლავ პოლიკოვსკი შვილს ემოციურად ემშვიდობება:
„ჩემო საყვარელო, ძვირფასო შვილო. ბოლოს და ბოლოს გიპოვეს. ჩვენ ვიპოვეთ შენი სუნთქვაშეკრული სხეული და „ბედნიერები“ ვართ. რაც უნდა სასტიკად ჟღერდეს, ახლა შეგვიძლია დედასთან ერთად დაგასაფლაოთ და ჩვენ გვექნება ადგილი, სადაც შეგვეძლება მოვიდეთ.
ძალიან მიყვარხარ, მიყვარხარ უსაზღვროდ… ჩემს სიცოცხლეზე მეტად. გთხოვ, მაპატიე, რომ იმ საშინელ მომენტში შენთან არ ვიყავი, დაცვაც ვერ მოვახერხე, მხარზე მომეხვიე… ასეთი შესაძლებლობა რომ ყოფილიყო, უყოყმანოდ გაგიცვლიდი ადგილს. ძალიან მინდა, რომ ცოცხალი იყო…
მხიარული და ცნობისმოყვარე ბიჭი იყავი. სამყაროს შეცნობა ახლახან დაიწყე. სამწუხაროდ, ცხოვრება სასტიკი რამ არის. რატომღაც, საუკეთესოები გვტოვებენ. მხოლოდ ერთი რამ მაძლევს შვებას, რომ ახლა მარტო არ ხარ. ღრუბელზე ზიხარ, ფეხები დაბლა გაქვს გადმოკიდებული, შენ გვერდით დედა ალინაა, შენი ორი ძმა და ზაზა. თქვენ იღიმით და ზემოდან გვიყურებთ.
გული და სული საშინელმა ტკივილმა გამიტეხა. სიტყვებს ვერ ვპოულობ იმის აღსაწერად, როგორ მენატრები.
სამწუხაროდ, საღამოობით წიგნებს ერთად ვეღარ წავიკითხავთ. აღარ მეტყვი, როგორ სწავლობ სკოლაში და ახალი მეგობრები შეიძინე.
ვეღარ იტრაბახებ შენი ახალი მანქანის მოდელით შენივე კოლექციიდან, რომელსაც ამდენი ხნის განმავლობაში აგროვებდი. ყველაფერი დასრულდა. სამუდამოდ დასრულდა… ჩემო ძვირფასო და საყვარელო ბიჭო.
მუდამ ჩემს გულში იქნები. შენ ყოველთვის ჩემთან იქნები ჩემს ბოლო ამოსუნთქვამდე.
მიყვარხარ, შვილო…
სამუდამოდ, ჩემო სევოჩკა...“ – წერს დაღუპული მოზარდის მამა.