"ახლა ძალა აღარ მაქვს, უნდა მიშველოთ, უნდა გადამარჩინოთ, ფეხზე უნდა დამაყენოთ..." - ოჯახი, რომელსაც გურიაში სტიქიამ საცხოვრებელი გაუნადგურა, დახმარებას ითხოვს
სოციალური ქსელის მომხმარებელი ეკა მიდოდაშვილი აქვეყნებს ვიდეოს და წერს, რომ გურიაში სტიქიამ საცხოვრებელი სახლი გაუნადგურა. გურიის მკვიდრი დახმარებას ითხოვს და ანგარიშის ნომერს აქვეყნებს. ასევე, ხელისუფლებას მოუწოდებს, პასუხისმგებლობა აიღოს და დაეხმარონ.
"ჯერ კიდევ ვერ ვიაზრებ, რა დღეში ჩავვარდი... რამხელა ზარალია ჩემი ოჯახისთვის. მთელი შეგნებული ცხოვრება რომ წვალობ არსებობისთვის და ერთ დღეში ნადგურდება ყველაფერი. თურმე რამდენი მიშრომია, რამდენი შემიძენია... სათითაოდ ყველა ნივთის საფასურს ვიხსენებ. მთავარია, ცოცხალი ხარო, ბევრმა მითხრა, მერჩივნა მომკვდარიყავი, ალალად, უპირობოდ ვამბობ, მერჩივნა, მეც მოვმკვდარიყავი. იმდენი პრობლემა დამრჩა, ისეთი ქაოსური ცხოვრება, თუკი როდისმე დავლაგდები, არ ვიცი. ძალა აღარ მაქვს ბრძოლის, უნარი გამძლეობის... არც ჯანმრთელობა შემრჩა და არც ისეთი მაგარი აღმოვჩნდი... როცა განწირული აქეთ-იქით უმისამართოდ იყურები და გგონია, სამადლო სიტყვას გაიგონებ, ვისაც ხელეწიფება და ევალება ჩემი და ჩემნაირი ოჯახების დახმარება, იქიდან მხოლოდ გვმოძღვრავენ. რატომ დაზღვეული არ გქონდა ქონებაო... ბატონებო და ქალბატონებო, 1000 ოჯახიდან შეიძლება ერთს ჰქონდეს ეგ დაზღვევა, ცნობისთვის... ენას კბილს ვაჭერ, რომ ყველაფერი არ ვთქვა, რაც თქვენგან მოვისმინე...
მათხოვრად მაქციეთ, ერთი ტრაქტორის მათხოვრად. გიხსნიდით, გეხვეწებოდით, მოსალოდნელ საშიშროებაზე გაფრთხილებდით... ყურად არ იღეთ, საცდელ ვირთხებად გვაქციეთ. 2013 წელს როცა გაიწმინდა მდინარე, გაფართოვდა კალაპოტი, დღემდე მშვიდად ვიყავით. ყველა თანამდებობის პირი ამ მდინარესთან მომყავდა, ყველას მის გაწმენდას ვთხოვდი. დღეს კი, როცა გაპარტახებულ სახლში ბედის ანაბარა ვზივარ. პასუხად ეს მესმის, სხვებს შვილები დაეღუპაო... ხალხო, რაკი ჩემი ერთადერთი საფიცარი შვილი ცოცხალი გადამირჩა, თურმე დაზარალებულად არ ვითვლები. არასოდეს სახელმწიფო არ შემიწუხებია, არანაირ პრობლემაზე არ მიმიმართავს დახმარებისთვის, ჩემით ვფორთხავდი, ვბორძიკობდი, მაგრამ წელშიც ვიმართებოდი... ორჯერ დევნილი საკუთარ ქვეყანაში, დღემდე საცხოვრებელ ფართს ველოდები,.. სამსახური გაქვსო, სახლიო და ყოველთვის იყო უარი... 22 წლის გოგო რუსეთ-საქართველოს ომში ვმონაწილეობდი, უმაღლესი განათლება მივიღე, 15 წლიდან ვმუშაობდი. მეტი რა გამეკეთებინა, თავი რითი გამეტანა, ყველა ჯერზე ვფიქრობდი, სახელმწიფოს ტვირთათ არ დავწოლოდი...
ახლა ძალა აღარ მაქვს, უნდა მიშველოთ, უნდა გადამარჩინოთ, ფეხზე უნდა დამაყენოთ... ყველას გთხოვთ დახმარებას, ვინც კი ჩემს პოსტს კითხულობთ... განსაკუთრებით, მთავრობას, ადგილობრივ ხელისუფლებას, არ მინდა პასუხი, მეწყერიაო, სტიქია და ა შ. აიღეთ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე... #GE45BG0000000533370505 #GE16TB738394506110002