"სიმართლე ყოველთვის უნდა ითქვას პირდაპირ, შელამაზების გარეშე..." - ნინა კობახიძე "ტვ პირველის" სიუჟეტს ეხმაურება
"გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ყოფილი მოადგილე ნინა კობახიძე პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილისა და მისი მეუღლის, ნუნუკა თამაზაშვილის შესახებ "ტვ პირველის" მიერ მომზადებულ სიუჟეტს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
"13 წელია ნუნუკა ჩემი მეგობარია, უახლოესი მეგობარი და ყოველ წელს მის დაბადების დღეს ვიკრიბებით გოგოები (უმეტესწილად გოგოები). არც თანამდებობა ჰქონდა მის ქმარს და გადამდგარ რეჟიმშიც არცერთი წელი არ გამოგვიტოვებია, რომ ეს დღე არ აღგვენიშნა. მაშინაც ასე ვიკრიბებოდით, როცა დევნიდნენ მის ოჯახს. წელსაც სიურპრიზად ისევ გოგოები 50-60-მდე შევიკრიბეთ. არც ელოდა, ნიკოს გამგზავრების გამო არ ჰქონდა სურვილი გადახდის და არ ჩავუგდეთ მეგობრებმა ეს დღე.
მისი ქორწინების 20 წლისთავიც ემთხვევა ამ დღეს დამატებით. შატო ვერეს 60-კაციან დარბაზში შევიკრიბეთ - დრონმაც კარგად დააფიქსირა ქალების რაოდენობა.
ხარჯებს რაც შეეხება, მეგობრების მოწყობილ დაბადების დღეს ხარჯს ვინ გადაიხდიდა, მგონი, არავის გაუკვირდება მეგობრობისთვის მოწყობილი სიურპრიზები. სამთავრობო თვითმფრინავის გამოყენება კერძო მიზნებისთვის, პირადი ხარჯით შესაძლებელია კანონიერად და ამაზე ოფიციალურმა პირებმა უკეთესად უპასუხონ.
10 კაცის "თურქიშით" ფრენა უფრო იაფი დაჯდებოდა თუ 20 წლის "ჯორჯიან აირვეისის" თვითმფრინავით, გადაითვალონ. ვინ დაფარა და ოჯახმა! ბიზნესასოციაცია, კომპანიები მუდმივად ვქირაობთ თვითმფრინავებს, დიდი ჯგუფები და თანამშრომლები როცა მიგვყავს. პ.ს. როცა ჩემს მეგობარს ეხებიან ასე ბინძურად, მეც მეხებიან და ამ დროს სიმართლე ყოველთვის უნდა ითქვას პირდაპირ, შელამაზების გარეშე. ზოგადად, პოლიტიკური დებატი არ უნდა ეფუძნებოდეს პირადი ცხოვრების არაკორექტულ კრიტიკას, ჩაცმულობას, გარეგნობას და სამხატვრო გემოვნებას. ვისაუბროთ საქმეზე, კანონსა და მის უზენაესობაზე - დანარჩენი ლირიკაა" - წერს ნინა კობახიძე.