"მიხეილ სააკაშვილის საყვარლებზე მაქვს საუბარი..." - რა განაცხადა კახა კალაძემ პრემიერთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ?
„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მოთხოვნით, ოპოზიცია დღეს აქტუალური საკითხების გადაფარვას ცდილობს.
კალაძის შეფასებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის და მისი ოჯახის წევრების წინააღმდეგ „მიზანმიმართული, ბინძური კამპანია“ მიმდინარეობს.
„კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არის ძალიან დიდი სისულელე. თქვენ თვითონ აიბლანდეთ თქვენივე წამოწყებულ სიცრუის კამპანიაში. ამის შესახებ განცხადებები გაკეთდა, რომ ეს პრემიერის პირადი ხარჯი იყო და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ბიუჯეტიდან ერთი თეთრი არ დახარჯულა. სამწუხაროდ, ჩვენ უნდა გავიხსენოთ წლები, როდესაც პირადი მიზნებისთვის საქართველოს ბიუჯეტიდან თანხების დახარჯვა ხდებოდა. ეს იყო კონკრეტული თანამდებობის პირის მეუღლეების დაბადების დღეები, საყვარლებისთვის საჩუქრები, ეს იყო მასაჟისტების ჩამოყვანა, საკუთარი შვილის დაფინანსება და შეფუთვა იმით, რომ ნიჭიერი შვილი ჰყოლია სააკაშვილს. ღმერთმა გაუმარჯოს ყველა ნიჭიერ ადამიანს. იცი, როგორი ნიჭიერი შვილები მყავს? ოთხი ბიჭი მყავს, ოთხივე ძალიან ნიჭიერია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე ბიუჯეტიდან ფული ავიღო და ჩემი შვილების სწავლა-განათლება დავაფინანსო“, - აღნიშნა კალაძემ.