"თუ ნახავთ მსგავს ფაქტს, გადაიღეთ ვიდეო და გამოგვიგზავნეთ" - მოძრაობა "ჩემი ქალაქი მკლავს" მიმართვას ავრცელებს
"დაიწყო კანონის აღსრულება! 3 დღეში დაჯარიმდა 82 გაუმართავი ავტომობილის მძღოლი.
თუ ნახავთ მსგავს ფაქტს, გადაიღეთ ვიდეო, სადაც ავტომობილის ნომერი გამოჩნდება და გამოგვიგზავნეთ.
ასევე, პარალელურად დარეკეთ 153-ში.... ერთად უნდა დავამთავროთ გამონაბოლქვი ჩვენს ქალაქსა და ქვეყანაში" - ნათქვამია მოძრაობის "ჩემი ქალაქი მკლავს" მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
საქართველოში გზებზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების ხილული გამონაბოლქვის კონტროლი 2023 წლის 4 სექტემბრიდან დაიწყო. აღნიშნული რეგულაცია არსებულ ეტაპზე გატარდება 4 დიდ ქალაქში: თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში.
აღნიშნული რეგულაციის აღსრულება დაევალა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს, რომლის ეკიპაჟებიც უკვე დღეიდან მოძრაობენ ზემოთ ჩამოთვლილ 4 ქალაქში. სულ დაკომპლექტდა 10 ეკიპაჟი, რომლებიც უწყვეტ რეჟიმში გადაადგილდებიან ქუჩებში და შესაბამისი წესით ავტომობილების კონტროლი ხდება.
კანონპროექტის ინიციატორი მოძრაობა "ჩემი ქალაქი მკლავს" არის.