"მკვლელის შვილმა ასეთი სიტყვები მითხრა" - გურჯაანში 89 წლის კაცმა 35 წლის ახალგაზრდა მოკლა: რას ამბობს მოკლულის მამა?
მკვლელობა გურჯაანში. 89 წლის კაცმა 35 წლის მეზობელს სანადირო თოფიდან ესროლა. დანაშაული სოფელ ვეჯინში მოხდა. მოკლულია სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანმშრომელი ბექა ჯანიაშვილი. ადგილობრივების ინფორმაციით, პენსიონერ მეზობელს და ჯანიაშვილს კონფლიქტი წლების განმავლობაში მიწის ნაკვეთის გამო ჰქონდათ.
შემთხვევამდეც მათ შორის სიტყვიერი შელაპარაკება სწორედ ამ მიზეზით მოხდა.
"წინდაწინ იყვნენ მომზადებული, ჩაუსაფრდა და ისე მოკლა... მიწის გამო გვქონდა დავა, გამგეობაშიც იცოდნენ. მანამდე შევხვდით. მკვლელის შვილმა თქვა, ვიღაცა უნდა მოკვდესო... მე ვუთხარი, რას ამბობ-მეთქი. ერთი გასროლის ხმა გავიგე, ვაიმე, შვილო, ბექა, ხომ არ გესროლა-მეთქი, გავიქეცი და უკვე უკონტაქტო იყო, სულ სისხლიანი იყო, პულსი უკვე არ ესინჯებოდა. მიწის გამო მომიკლა შვილი, ეს რა გამიკეთა... სახელმწიფო ტერიტორია იყო, საერთო გზა გადიოდა ჩვენს ნაკვეთებს შორის. რა მეშველება, მეორე შვილი დავკარგე..." - განაცხადა მოკლულის მამამ.
ავტორი: ნათია წითელაური