"დნმ-ის ანალიზმა დაადასტურა, რომ ცხედარი ზაზა მესხს ეკუთვნის...ზაზას ცხედართან ერთად ნაპოვნი პატარა ბიჭის ცხედარი ჩვენ არ გვეკუთვნის" - რას წერს ზაზა მესხის ახლობელი?
ზაზა მესხის დაღუპვა დნმ-ის ანალიზით დადასტურდა. ამის შესახებ ზაზა მესხის ნათესავი რაფაელ გოგიტიძე სოციალურ ქსელში წერს.
"დნმ-ის ანალიზმა დაადასტურა ზაზას ცხედარი. პატარა ბიჭი ზაზას ცხედართან ერთად ჩვენ არ გვეკუთვნის. დარჩენილია 2 პიროვნება და ეს ჩვენი 2 ბიჭია. ისინი ჯერ კიდევ იძებნებიან. ისინი ცელქები დახტუნავენ სადღაც ტყეში... ტყეში ჩვენს გულებში" - წერს რაფაელ გოგიტიძე.
ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის, გიორგი ნოდარიშვილის განცხადებით, რაჭაში, სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები კვლავ აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, ამჟამად 2 დაღუპულის იდენტიფიცირება მიმდინარეობს და 2 ადამიანს ისევ ეძებენ.
„სამძებრო სამუშაოები კვლავ აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს უშუალოდ სტიქიის ზონაშიც და მდინარეების, ჭანჭახისა და რიონის კალაპოტებში. დღეისთვის 31 გარდაცვლილია ნაპოვნი, მათ შორის 2-ის იდენტიფიცირება მიმდინარეობს. ასევე, 2 ადამიანს ვეძებთ“, - განაცხადა გიორგი ნოდარიშვილმა.