შოვში, სტიქიის ზონაში, მაშველებმა კიდევ ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს - “ნანახია, სავარაუდოდ, მამაკაცის ცხედარი; ერთი მოზარდის ცხედარი და ასევე, ერთი ადამიანის ფრაგმენტი“
ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში, სამძებრო სამუშაოების შედეგად მაშველების მიერ კიდევ ორი ცხედარია ნაპოვნი. მიმდინარე სამძებრო სამუშაოებთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა.
"ინტენსიურად გრძელდება ძებნა-შველის ღონისძიება. დღეს სტიქიის ეპიცენტრიდან 40 კილომეტრის მოშორებით, სოფელ სორის მიმდებარედ, ნანახია, სავარაუდოდ, მამაკაცის ცხედარი. გარდა ამისა, იცით თქვენ, რომ სტიქიის ეპიცენტრში მიმდინარეობს წერტილოვანი გადამოწმებები. დაახლოებით აღებული გვაქვს საორიენტაციოდ 8 ჰექტარი ტერიტორია, სადაც დღეს ნანახი იქნა დამატებით ერთი მოზარდის ცხედარი და ასევე, ცალკეულად ერთი ადამიანის ფრაგმენტი. აქტიურად გრძელდება საძიებო სამუშაოები ამ დროისთვის კიდევ და დარჩენილია ორი ადამიანი, ვის ძებნა-შველის ღონისძიებასაც ვაგრძელებთ. გადასვენება, როგორც წესი, მოხდება ქუთაისის სამხარაულის პროზექტურაში. ამ დროისთვის ველოდებით უკვე სამი ცხედრის იდენტიფიცირებას. საერთო ჯამში ნანახია 31 გარდაცვლილი ადამიანის ცხედარი. ვეძებთ ორი ადამიანის ცხედარს", - განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.