"ეს საკითხი ეხება ჩემს პირად ცხოვრებას და ძალიან მძიმეა ჩემთვის! არ გავჩუმდები! ნუ ცდილობთ ჩემს გაშავებას!" - თეა გოდოლაძე განცხადებას ავრცელებს
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი თეა გოდოლაძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.
"საზოგადოებისა და ჟურნალისტების საყურადღებოდ! "რუსთავი 2"-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით სამართლებრივ ასპექტებზე მიმართეთ ჩემს ადვოკატებს - ლიკა ბითაძესა და ორგანიზაცია "საფარის" იურისტს, ნინო ანდრიაშვილს.
ეს საკითხი ეხება ჩემს პირად ცხოვრებას და ძალიან მძიმეა ჩემთვის. 2022 წლის 7 აპრილს, ღამით, ადგილი ჰქონდა ყოფილი პარტნიორისაგან ჩემზე ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას, რის გამოც 2022 წლის აპრილის თვიდან გავდიოდი მკურნალობას. ამ ეტაპზე საქმე სასამართლოშია. "რუსთავი 2"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ეხება 2 წლის წინ მომხდარ შემთხვევაზე დაფუძნებულ შეთითხნილ ბრალდებას. ჩემმა ყოფილმა პარტიორმა თეიმურაზ შერგელაშვილმა, რომელიც ამჟამად ბრალდებულია ჩემ მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ფაქტთან დაკავშირებით, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, შეთითხნა ცრუ ბრალდებები მტკიცებულებების გარეშე, პროვოკაციის მოწყობის მიზნით.
მისი გასაჯაროებით ხელისუფლება ცდილობს გამაჩუმოს, რომ აღარ ვილაპარაკო შოვში მომხდარ ტრაგედიაზე და სხვა საფრთხეებზე. ასე იყო 2021 წელს, ნამოხვანის დროსაც. მაშინაც ააგორეს კამპანია ჩემ წინააღმდეგ. ამიტომ ცხადია, რომ ეს ყველაფერი უკავშირდება შოვის, ჭიათურის და ზოგადად მშენებელობების თემებთან მიმართებაში გაკეთებულ ჩემ განცხადებებსა და პოზიციას. ჩემი შანტაჟი პირადი ცხოვრებით არ გამოგივათ! არ გავჩუმდები! ნუ ცდილობთ ჩემს გაშავებას და ყურადღების გადმოტანას ჩემზე. უპასუხეთ ხალხს!
არ გავჩუმდები! ქალზე ძალადობის „გაპრავებაც“ და საქმის მოტრიალებაც არ გამოვა! ყველა დაჩაგრული ქალის ინტერესს დავიცავ!" - წერს გოდოლაძე.